სტიქია რაჭაში

მინისტრი: შოვში დაკარგულებს შორის შვიდი თუ რვა ბავშვია

ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის თქმით, რაჭაში, სტიქიის ზონაში დაკარგულებს შორის შვიდი ან რვა ბავშვია. მინისტრი ამბობს, რომ არ აქვს ინფორმაცია, არიან თუ ბავშვები გარდაცვლილებს შორის.

"მიუხედავად ამ რთული პირობებისა, ვცდილობთ, მაქსიმალურად ჩართული იყოს მძიმე ტექნიკა და იქნებ ადამიანების ამოყვანის ყველა ის შესაძლებლობა მაქსიმალურად გამოვიყენოთ. ცხედრების ამოცნობასთან დაკავშირებით პრობლემა არის, რადგან დღის განმავლობაში ზოგიერთი ცხედრის სხავდასხვა ნაწილები იქნა აღმოჩენილი და იქ სხვადასხვა ეტაპებია გასავლელია. იქ ერთ-ერთი დნმ-ის ანალიზია, რომლითაც უნდა დადგინდეს ესა თუ ის ცხედარი ვის ეკუთვნის. ასეთი დასახიჩრებული ცხედრებიც გვაქვს. დაკარგულებს შორის არის შვიდი თუ რვა ბავშვი. გარდაცვლილებს შორის არ ვიცი, არიან თუ არა ბავშვები". – თქვა აზარაშვილმა პირველი არხის ცნობით.

შოვში, სტიქიის ზონაში ამ დრომდე 17 ადამიანის ცხედარი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ბოლოს გავრცელებული ინფორმაციით, შოვში, სტიქიის ზონაში აღმოჩენილი ცხედრებიდან იდენტიფიცირებული მხოლოდ 7-ია.

სტიქიის ზონაში სამაშველო-სამძებრო სამუშაოები გრძელდება. ბოლო მონაცემებით, ეძებენ 25-მდე ადამიანს – მათ, ვისთანაც დაკავშირება ვერ ხერხდება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილიდან ვერტმფრენით 200-ზე მეტი ადამიანი გამოიყვანეს.

რაჭაში, სასტუმრო სანსეტ შოვის მიმდებარედ მეწყერის შედეგად მიწის მასა 3 აგვისტოს, დაახლოებით, 16:00 საათზე ჩამოიშალა

კომენტარები