სტიქია რაჭაში

საგანგებო: დრონების თვითნებურად გამოყენება საფრთხეა შოვში მომუშავე ვერტმფრენებისთვის

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს მოქალაქეებს, სტიქიის ზონაში დრონების გამოყენებაზე გადაწყვეტილება თვითნებურად არ მიიღონ.  

"აქვე მოვუწოდებთ მოქალაქეებს, რომლებიც გამოთქვამენ სურვილს, სტიქიის ზონაში დრონების გამოყენებასთან დაკავშირებით, თვითნებურად არ მიიღონ გადაწყვეტილება, რადგან საფრთხის შემცველია სტიქიის ზონაში მომუშავე ვერტმფრენებისთვის". - წერია განცხადებაში. 

განცხადების მიხედვით, ძებნა-შველის სამუშაოებში ჩართული არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, პოლიციის დანაყოფები, დრონები, სპეცტექნიკა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ასევე, სამუშაოებში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კინოლოგთა ჯგუფი. 

ამ დროისთვის, რაჭაში, სტიქიის ზონაში 11 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი, 30-მდე პირს კი ეძებენ.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის თქმით, ამ დროისთვის გამოყვანილია ყველა ადამიანი, რომელიც უსაფრთხო ადგილას მაშველებთან ერთად იმყოფებოდა. 

სასტუმრო სანსეტ შოვის მიმდებარედ მეწყერის შედეგად მიწის მასა 3 აგვისტოს, დაახლოებით, 16:00 საათზე ჩამოიშალა

კომენტარები