სტიქია რაჭაში

მღებრიშვილი: გრძელდება ინტენსიური სამუშაოები, 11 გარდაცვლილი გადასვენებულია პროზექტურაში

ზურაბ ცერცვაძე/ტაბულა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის თქმით რაჭაში, სტიქიის ზონაში მიმდინარე სამუშაობეში დამატებით თავდაცვის სამინისტროს 200-მდე თანამშრომელი ჩაერთვება, ასევე დაემატება მძიმე ტექნიკაც.

"როგორც იცით დღეს, პრემიერ-მინისტრი იმყოფებოდა, ჩატარდა საგანგებო თათბირი, სადაც დამატებით განისაზღვრა ამოცანები, რაც ხვალიდან დამატებითი ძალების მობილიზებას გულისხმობს. 
დამატებით თავდაცვის სამინისტროს 200-მდე თანამშრომელი იქნება ჩართული. ემატება მძიმე ტექნიკაც. დღეს, დღის განმავლობაში მოხდა მდინარის მარჯვენა მხარეს ტექნიკის გადაყვანა და მიმდინარეობს გარკვეული სამუშაოები, რომ ახლოს მივიდეთ კონკრეტულ ლოკაციებამდე". - თქვა მან.

მღებრიშვილი ამბობს, რომ დაკარგული ადამიანების ოჯახის წევრებს ვერტმფრენის სტიქიის ზონაში შეყვანა შესთავაზეს, რათა "თვითონ დარწმუნდნენ და ნახონ რამდენად რთულ პირობებში გვიწევს სამაშველო სამუშაოების ჩატარება". 

"ვადასტურებთ 11 ადამიანის გარდაცვალებას, რომელთა ცხედრებიც გადმოსვენებულია სტიქიის ზონიდან და პროზექტურაშია გადასვენებული. ამ წუთებშიც გრძელდება ინტენსიური სამძებრო 
სამუშაოები. დღეს თქვენ როგორც იცით, შევხვდით იმ ადამიანების ოჯახის წევრებს, ვისთანაც ვერ ხერხდება დაკავშირება. მათ ავუხსენით დეტალურად თუ რა სახის სამუშაოები მიმდინარეობს. დამატებით მათ შევთავაზეთ, რომ ვერტმფრენის საშუალებით შევიყვანდით სტიქიის ზონაში, რომ თვითონ დარწმუნდნენ და ნახონ რამდენად რთულ პირობებში გვიწევს სამაშველო სამუშაოების ჩატარება, რისი სურვილიც მათ გამოთქვეს". - თქვა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა.

ამ დროისთვის, რაჭაში, სტიქიის ზონაში 11 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი, 30-მდე პირს კი ეძებენ.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის თქმით, ამ დროისთვის გამოყვანილია ყველა ადამიანი, რომელიც უსაფრთხო ადგილას მაშველებთან ერთად იმყოფებოდა. 

სამაშველო-სამძებრო სამუშაოები გრძელდება - დაკარგულ მოქალაქეებს, მაშველებთან ერთად, ეძებენ მოხალისეები, ასევე, მათი ახლობლები და ნათესავები.  

სასტუმრო სანსეტ შოვის მიმდებარედ მეწყერის შედეგად მიწის მასა 3 აგვისტოს, დაახლოებით, 16:00 საათზე ჩამოიშალა

კომენტარები