საქართველო-რუსეთი

თითებს მამტვრევდნენ, დარტყმა ვიგრძენი – ბათუმში დაკავებული უკრაინის მოქალაქე

კადრი ვიდეოდან/ფორმულა

ბათუმში რუსეთიდან ხომალდ Astoria Grande-ს შემოსვლის გასაპროტესტებლად გამართულ აქციაზე დაკავებული უკრაინის მოქალაქე ამბობს, რომ პოლიციელებმა მასზე იძალადეს. 

"ძალიან უხეშად მექცეოდნენ, ერთი უკიდურესად აგრესიული იყო. დამაკავეს ქუჩაში, სადაც აქციის მონაწილეებიც იყვნენ, მერე წამიყვანეს ისეთ ადგილას, სადაც მარტო პოლიციელები იმყოფებოდნენ - იქ უკვე ძალიან უხეშად მეპყრობოდნენ. არსებობს დაკავების ვიდეო და იქ თითოს ყველაფერი ნორმალურად ჩანს, მაგრამ მანამდე, ვიდრე ვიდეოს არავინ იღებდა და სანამ მანქანაში ჩამსვამდნენ, ძალის გადამეტება იყო. 

დროშა მქონდა შემოხვეული და მხსნიდნენ, რატომ, ვერ მივხვდი - არც უკანონობაა და არც არავის არაფერს უშავებდა. შოკში ჩავვარდი, როდესაც მხსნიდნენ დროშას და ხელი ჩავჭიდე. ამ დროს ხელები ამომიტრიალეს, თითებს მამტვრევდნენ, რამდენჯერმე დარტყმაც ვიგრძენი. სილურჯეები ახლაც მაქვს”. - თქვა მან. 

აქციაზე დაკავებული უკრაინის მოქალაქე და 14 ადამიანი დღეს, 1-ელ აგვისტოს ხელწერილით გაათავისუფლეს


31 ივლისს გვიან ღამით მოქალაქეები რუსეთიდან მომავალ საკრუიზო გემ ASTORIA GRANDE-ს ბათუმის პორტში საპროტესტო აქციით დახვდნენ. აქციაზე პოლიციამ ჯამში 23 ადამიანი დააკავა.

ომბუდსმენის ცნობით, სახალხო დამცველის რწმუნებული შეხვდა ბათუმის პორტში საპროტესტო აქციაზე დაკავებულ სამ მოქალაქეს, რომელთაგან ერთ-ერთმა, რ.მ.-მ ისაუბრა პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე. პოლიციელების მხრიდან შესაძლო ძალადობაზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო. 

აქციამდე რამდენიმე საათით ადრე შინაგან საქმეთა სამინისტრომ პორტის მიმდებარე ქუჩები გადაკეტა, ნავსადგურთან კი რკინის ჯებირებით შემოსაზღვრეს ტერიტორია, სადაც საკრუიზო გემი უნდა შემოსულიყო.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც საკრუიზო გემი Astoria Grande ბათუმში ჩერდება. საკრუიზო ლაინერი ბათუმის პორტში 27 ივლისს გაჩერდა. საკრუიზო ლაინერმა მოგზაურობა სოჭის პორტიდან დაიწყო და რუსი ტურისტები გადაჰყავდა, რომლებმაც მედიებთან ანტიქართული განცხადებები გააკეთეს.

ცნობილია, რომ 31 ივლისს შემოსულ საკრუიზო გემზე იმყოფებოდნენ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომისა და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მხარდამჭერი არტისტებიც. ამჯერად რუს ტურისტებს ტელეარხ RU.TV-ის ვარსკვლავებთან ერთად მოგზაურობას სთავაზობდნენ.

საკრუზიო გემის მარშრუტი არის სოჭი-ტრაპიზონი-ბათუმი-ამასრა-სტამბოლი-სოჭი. საკრუიზო ლაინერზე, დაახლოებით, 850 მგზავრი იმყოფება.

ხომალდი პალაუს დროშის ქვეშ დაცურავს და მომსახურებას თურქული საკრუიზო კომპანია Miray Cruises International-ი უწევს.

კომენტარები