ვაგნერი ბელარუსში

ლუკაშენკოს თქმით, პოლონეთმა საზღვართან ვაგნერელების კონტროლისთვის მადლობა უნდა გადაუხადოს

ალექსანდრ ლუკაშენკო

ბელარუსის ლიდერის ალექსანდრ ლუკაშენკოს თქმით, პოლონეთმა საზღვართან ვაგნერის მებრძოლების კონტროლისთვის ბელარუსს მადლობა უნდა გადაუხადოს.

"[პოლონელებმა] უნდა ილოცონ, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ [ვაგნერის მებრძოლებზე] კონტროლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ჩვენ გარეშე უმარტივესად შეაღწევდნენ და გაანადგურებდნენ ჟეშოვსა და ვარშავას. შესაბამისად, მათ კი არ უნდა მისაყვედურონ, არამედ მადლობა გადამიხადონ". - ციტირებს ლუკაშენკოს ბელარუსის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო.

მანამდე, ლუკაშენკომ შეხვედრაზე ხუმრობით აღნიშნა, რომ ზოგიერთ მებრძოლს "ვარშავასა და ჟეშოვში მოგზაურობა სურს".

29 ივლისს პოლონეთის პრემიერმინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ თქვა, რომ ვაგნერის მებრძოლების 100-კაციანი ჯგუფი ბელარუსის ქალაქ გროდნოში გადავიდა, რომელიც პოლონეთის საზღვართან მდებარეობს. მორავიეცკიმ ვითარება "მზარდად სახიფათოდ" შეაფასა. 

ლუკაშენკომ თავდაპირველად ცნობები უარყო, თუმცა, მოგვიანებით აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ბრესტსა და გროდნოში ვაგნერელები გადავიდნენ, მხოლოდ იმისთვის, რომ ბელარუსული ბრიგადებისთვის თავიანთი სამხედრო გამოცდილება გადაეცათ.

მანამდე პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მარიუშ კამინსკიმ განაცხადა, რომ პოლონეთს, ლიტვას და ლატვიას შეუძლიათ ერთობლივად გადაწყვიტონ ბელარუსთან საზღვრების დაკეტვა, თუ ვაგნერის საზღვართან განლაგებულ მებრძოლებთან სერიოზული ინციდენტები მოხდება.

ასევე, ბელარუსის ავტოკრატი პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო ამბობდა, რომ მას კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის დაქირევებული მებრძოლები "მოსვენებას არ აძლევენ", რადგან პოლონეთზე თავდასხმა სურთ. ამის შესახებ ლუკაშენკომ სანქტ-პეტერბურგში ვლადიმირ პუტინთან შეხვედრი დროს ისაუბრა.

ექსკურსია ვარშავასა და ჟეშუვში – ლუკაშენკოს თქმით, ვაგნერელებს პოლონეთზე თავდასხმა უნდათ

გასულ კვირებში ბელარუსის შეიარაღებული ძალები წვრთნებს ვაგნერელებთან ერთად გადიოდნენ. ერთ-ერთი ვარჯიში პოლონეთის საზღვრის მახლობლად მყოფ ბრესტის პოლიგონზეც კი ჩატარდა.

კსკ ვაგნერის ჯგუფი ბელარუსში მას შემდეგ გადავიდა, რაც კომპანიის დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა საკუთარი აჯანყება დაასრულა და ლუკაშენკოს შუამავლობით პუტინთან შეთანხმებას მიაღწია. გასულ დღეებში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც პრიგოჟინი ამბობდა, რომ ბელარუსის არმიას მსოფლიოში მეორე არმიად აქცევდნენ.

კომენტარები