ვაგნერი ბელარუსში

მორავიეცკი: ბელარუსში ვაგნერის 100-ზე მეტი მებრძოლი სუვალკის დერეფნისკენ გადავიდა

პოლონეთის პრემიერმინისტრის, მატეუშ მორავიეცკის თქმით, ბელარუსში ვაგნერის 100-ზე მეტი მებრძოლი სუვალკის დერეფნისკენ გადავიდა.

"სიტუაცია კიდევ უფრო საშიში ხდება". - აღნიშნა მორავიეცკიმ გლივიცში ჯავშანტექნიკის ქარხანაში ვიზიტისას.

მისი განმარტებით, სავარაუდოა, რომ დაქირავებული ჯარისკაცები პოლონეთის ტერიტორიაზე ჰიბრიდული თავდასხმისთვის ემზადებიან.

"სავარაუდოდ, ისინი ბელარუსის მესაზღვრეებად მოგვაჩვენებენ თავს და არალეგალურ ემიგრანტებს პოლონეთის ტერიტორიაზე შესვლაში დაეხმარებიან. ისინი, ალბათ, შეეცდებიან თავადაც შევიდნენ პოლონეთში, როგორც არალეგალური ემიგრანტების მოჩვენებით. ეს კი დამატებით რისკებს ქმნის". - თქვა პრემიერმინისტრმა. 

100 კილომეტრის სიგრძის სუვალკის დერეფანი ქალაქებს - სუვალკის, ავგუსტოვისა და სეინის გარშემო არსებულ ტერიტორიას აერთიანებს და ერთმანეთთან აკავშირებს პოლონეთსა და ლიტვას. ამასთან, რუსეთის კალინინგრადის ოლქსა და ბელარუსს ერთმანეთისგან ყოფს. 

მანამდე პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მარიუშ კამინსკიმ განაცხადა, რომ პოლონეთს, ლიტვას და ლატვიას შეუძლიათ ერთობლივად გადაწყვიტონ ბელარუსთან საზღვრების დაკეტვა, თუ ვაგნერის საზღვართან განლაგებულ მებრძოლებთან სერიოზული ინციდენტები მოხდება.

მანამდე, ბელარუსის ავტოკრატი პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო ამბობდა, რომ მას კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის დაქირევებული მებრძოლები "მოსვენებას არ აძლევენ", რადგან პოლონეთზე თავდასხმა სურთ. ამის შესახებ ლუკაშენკომ სანქტ-პეტერბურგში ვლადიმირ პუტინთან შეხვედრი დროს ისაუბრა.

ექსკურსია ვარშავასა და ჟეშუვში – ლუკაშენკოს თქმით, ვაგნერელებს პოლონეთზე თავდასხმა უნდათ

გასულ კვირებში ბელარუსის შეიარაღებული ძალები წვრთნებს ვაგნერელებთან ერთად გადიოდნენ. ერთ-ერთი ვარჯიში პოლონეთის საზღვრის მახლობლად მყოფ ბრესტის პოლიგონზეც კი ჩატარდა.

კსკ ვაგნერის ჯგუფი ბელარუსში მას შემდეგ გადავიდა, რაც კომპანიის დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა საკუთარი აჯანყება დაასრულა და ლუკაშენკოს შუამავლობით პუტინთან შეთანხმებას მიაღწია. გასულ დღეებში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც პრიგოჟინი ამბობდა, რომ ბელარუსის არმიას მსოფლიოში მეორე არმიად აქცევდნენ.

კომენტარები