გამოფენა

31 ივლისს, 18:00 საათზე, მეტრო 300 არაგველის ვესტიბიულში საჯარო გამოფენა გაიმართება

31 ივლისს, 18:00 საათზე, მეტრო 300 არაგველის ფოიეში ქეთუთა ალექსი-მესხიშვილის საჯარო გამოფენა ქართული ორნამენტები გაიმართება. უფასო გამოფენის ინიციატორი თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდია. 

ალექსი-მესხიშვილმა საჯარო ხელოვნების ფონდის მიერ ჩატარებულ კონკურსში გაიმარჯვა.

"ქეთუთა ალექსი-მესხიშვილი ბერლინში მცხოვრები ფოტოგრაფია. მისი შემოქმედებითი ძიებები ფოტოგრაფიის მედიუმის გარშემო ტრიალებს. გამოსახულებათა სერიაში ქართული ორნამენტი ფოტოგრაფი აკვირდება დროის და კულტურის ურთიერთმიმართებას და გარდაუვალ ცვალებადობაში კულტურული კოდების მეტამორფოზას იკვლევს.

300 არაგველის ზედა ვესტიბიულის ვიტრაჟზე აღნიშნული სერიის პრეზენტაცია ეხმიანება 60-იანი წლების ქართულ არქიტექტურაში აქტუალურ ხელოვნებათა სინთეზის იდეას, რომელსაც საფუძვლად ეროვნული იდენტობის ძიება ა ახლებურად გააზრების მოცემულობა ედო. აღნიშნულ კონტექსტში, ნამუშევარი დიალოგში შედის 300 არაგველის ისტორიულ ცნობასთან, მითოსის კონტექსტში გადააქვს ის და კულტურული იდენტობის რეპროდუქციას უკავშირებს". – ვკითხულობთ გამოფენის აღწერაში.

ნამუშევრები 2024 წლის ივლისის ჩათვლით იქნება გამოფენილი.

არაკომერციული თანამედროვე ხელოვნების ინსტიტუცია, თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდი დაარსდა 2023 წელს და მიზნად ისახავს ხელოვნების პოპულარიზაციას საჯარო სივრცეებში, მხარს უჭერს თანამედროვე ქართველ ხელოვანებს მასშტაბური პროექტების განხორციელებაში და ემსახურება ფართო საზოგადოებაში თანამედროვე ხელოვნების შესახებ ცნობიერების ამაღლებას.

კომენტარები