გამოფენა

დავით კაკაბაძე ეროვნულ გალერეაში

დავით კაკაბაძე

18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო დღეს, თბილისის ეროვნული გალერეა დავით კაკაბაძის რეტროსპექტული გამოფენით ხვდება.

კუბისტური და აბსტრაქციული, ზეთში, აკვარელსა და შერეული ტექნიკით შესრულებული კომპოზიციები, ქართული პეიზაჟები და კონსტრუქციულ-დეკორატიული კოლაჟები – ეს ის ნამუშევრებია, რომლებიც ეროვნული გალერეის სივრცეში თემატიკის მიხედვით, დარბაზიდან დარბაზამდე იცვლება და ხელოვნების ისტორიის ერთი ეპოქიდან მეორეში გადავყავართ.

კაკაბაძე იმ მხატვართაგანია, რომელსაც მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში, სხვა ქართველ ხელოვანებთან ერთად, შესაძლებლობა მიეცა, გასულიყო ქვეყნის გარეთ და გასცნობოდა სხვადასხვა ერების კულტურულ მემკვიდრეობას. პარიზში გატარებულმა შვიდმა წელმა, მხატვარს, რომელიც გამომგონებელიც გახლდათ, საშუალება მისცა, პირადად მიეღო მონაწილეობა ხელოვნების მსოფლიო ცენტრში მიმდინარე რეფორმებსა და პროცესებში.

გამომდინარე აქედან, იმერეთში, სოფელ კუხში დაბადებული დავით კაკაბაძე ალბათ ყველაზე ევროპელი მხატვარია ქართული ხელოვნების ისტორიაში. მან, ერთი მხრივ, ფეხი აუწყო დასავლური ხელოვნების ტენდენციებს და, ამავდროულად, შეინარჩუნა თვითმყოფადობა.

დავით კაკაბაძის მხატვრობა მოგზაურის თვალით დანახული და განცდილი ამბების თხრობაა. მხატვრის შემოქმედებაში ხშირად გვხვდება პეიზაჟები: პარიზში ყოფნის დროს შექმნილ ნახატებს, რომლებშიც ასახულია სენის ნაპირები, პიგალის მანსარდები თუ ღრუბლები ნოტრ დამის თავზე, ენაცვლება ბრეტანული იალქნიანი ნავები, ქარის წისქვილები და საკვამურიანი სახლები. მის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქართულ ლანდშაფტებს: სვანეთი, თბილისი, კოჯორი... თუმცა, გამორჩეულად საყვარელი თემა კაკაბაძისთვის მშობლიური იმერეთია. ამ სერიის ფერადოვანი ლანდშაფტები და გორაკებზე გეომეტრიულ სხეულებად გაშლილი სათიბები და ყანები, ერთი შეხედვით, ნიკოლა დე სტალის სიცილიური ნახატების ციკლს მოგვაგონებს, თუმცა, განსხვავებით ამ უკანასკნელის ნამუშევრების სიმკვეთრისა, რაც აღტაცებას იწვევს მნახველში, იმერული პეიზაჟების ფერთა პალიტრა სიმყუდროვისა და სიმშვიდის განცდას უფრო ტოვებს. ეს იმ შეგრძნებას იწვევს, ბავშვობისდროინდელი ამბების მოგონებას რომ ახლავს თან.

იმერულ პეიზაჟებზე მუშაობა კაკაბაძემ პარიზში გამგზავრებამდე დაიწყო და დაბრუნების შემდეგაც გააგრძელა. ამავე ციკლს მიეკუთვნება მხატვრის ყველაზე ცნობილი ტილო – 10-ლარიან კუპიურაზე გამოსახული, ყველასთვის საყვარელი „იმერეთი-დედაჩემი".

დავით კაკაბაძის ბიოგრაფია, ისევე როგორც მისი თანამედროვე ბევრი საბჭოთა ხელოვანის ცხოვრება, გაჯერებულია ტრაგიზმით, რაც გამოწვეული იყო ხელოვანებისთვის თავისუფლების გამოხატვის შეზღუდვით. კუბისტური და აბსტრაქციული ნამუშევრების კვალდაკვალ, ის იძულებული გახდა, ემუშავა ინდუსტრიულ პეიზაჟებსა თუ სტალინის პორტრეტზე. თუმცა, მიუხედავად ამისა, საბჭოთა ხელისუფლებამ მისი იდეოლოგია მიუღებლად ცნო და კაკაბაძე სამხატვრო აკადემიიდან გაათავისუფლეს, როგორც პედაგოგი, რომელმაც ვერ შეძლო სოციალისტური რეალიზმის პრინციპების გაზიარება. მხატვარი 1952 წელს გულის შეტევით გარდაიცვალა.

დავით კაკაბაძის შემოქმედებისადმი მიძღვნილი წლევანდელი გამოფენა, რომლის კურატორიც მხატვრის შთამომავალი და მისივე სახელობის ფონდის ხელმძღვანელი მარიამ კაკაბაძეა, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება და მასში წარმოდგენილი იქნება ნამუშევრები კერძო, სახელმწიფო და უცხოური კოლექციებიდან. გამოფენა ათ ივლისამდე გასტანს და მის ფარგლებში განხორციელდება საგანმანათლებლო პროექტიც, რაც მხატვრის შესახებ ლექციების კურსის წაკითხვას გულისხმობს.

მარიამ კაკაბაძე: „საგანმანათლებლო პროექტში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი მკვლევრები. კულტურის სამინისტროს მოწვევით, საგანგებოდ ამ პროექტისთვის ჩამოდიან უცხოელი სპეციალისტები და თანამედროვე ხელოვნების კურატორები. გამოფენა თემატურადაა დაყოფილი: მნიშვნელოვანია, რომ ამ ექსპოზიციით ჩვენ დავით კაკაბაძეს წარმოვაჩენთ მრავალმხრივად – არა მხოლოდ როგორც მხატვარს, არამედ როგორც მკვლევარს, თეატრისა და კინოს მხატვარსა თუ ფოტოგრაფს. ექსპოზიცია ეროვნული გალერეის შვიდ დარბაზს მოიცავს და მოწვეული სტუმრები ლექციებს წაიკითხავენ იმ სივრცეში, რომლის თემატიკისთვისაც იქნება მიძღვნილი მათი გამოსვლა".

მსგავსი სახის ლექციებს დიდი მნიშვნელობა აქვს ხელოვნების ისტორიით დაინტერესებული ქართული საზოგადოებისთვის, რადგან ამ ავტორის, ისევე როგორც მისი თანამედროვე მხატვრების შესახებ არსებული ლიტერატურა, გამომდინარე იმ ეპოქიდან, რომელშიც ისინი იწერებოდა, ძირითადად, საბჭოური ხელოვნებათმცოდნეობისთვის დამახასიათებელ ტექსტებს წარმოადგენს. ამ მხატვრის ახლებურად დანახვა და გააზრება კი დღეს ნამდვილად საინტერესო და საჭიროა.
„კაკაბაძეებში ჭკვიანი თუ გამოერია, იმისთანა შეიქნება, ჩამეიტოვებს ყველას მთელ ხონში და იმის იქითო", – დღემდე ასე ხუმრობენ ხოლმე მხატვრის მშობლიურ მხარეში, მაკვარანცხ იმერეთში. დავით კაკაბაძემ კი, რომელიც არ უშინდებოდა ახალ ექსპერიმენტებს და მსოფლიო ხელოვნებაში მიმდინარე ტენდენციებს, მართლაც, თავის ბევრ თანამედროვეს გაუსწრო და ქართული ხელოვნების ისტორიაში შევიდა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური, საინტერესო და ინტელექტუალი მხატვარი.

კომენტარები