შსს

საგამოძიებომ გენინსპექციაში ზეწოლაზე საქმე "რეაგირებისთვის" გენინსპექციის უფროსს გადასცა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა შსს-ს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის რეგიონული სამმართველოს უფროსის საქმეზე გამოძიება არ დაიწყო და გოგა რაზმაძის განცხადება გენერალური ინსპექციის უფროსს გადაუგზავნა - "რეაგირების მიზნით". რაზმაძე განცხადებაში საუბრობდა, რომ უწყებაში ხარვეზებზე საუბრის შემდეგ მასზე ზეწოლა დაიწყო და გენინსპექციაში "საქმე გაურჩიეს". 

გოგა რაზმაძემ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ მისთვის გაგზავნილი წერილი გამოაქვეყნა, როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, წარმოდგენილი ინფორმაციის შესწავლის შედეგად არ გამოიკვეთა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის "საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებული დანაშაულის ნიშნები". 

როგორც გოგა რაზმაძე წერს, მიუხედავად იმისა, რომ დანაშაულის ნიშნების შემცველი ნებისმიერი სახის ინფორმაცია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოძიების დაწყების საფუძველი უნდა ყოფილიყო, უწყებას წერილობითი განცხადებით თავად მიმართა. 19 ივლისს რაზმაძე საგამოძიებო ორგანოში მივიდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ გამოძიება კვლავ არ იყო დაწყებული და დაბარების მიზეზად დაუსახელეს "გასაუბრება", რომელიც წერილობითი ოქმით უნდა გაფორმებულიყო. 

"ვინაიდან გამოძიების დაწყებამდე დანაშაულის შედეგად დაზარალებული პირის გამოკითხვას არ იცნობს/არ ითვალისწინებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი (ასეთ წესს ითვალისწინებდა ძველი კანონმდებლობა), ცხადია უარი განვაცხადე წერილობითი ინფორმაციის მიწოდებაზე და სამსახურის წარმომადგენელს განვუმარტე, რომ ჩემს მიერ წერილობით განცხადებაში მითითებული გარემოებები შეიცავდა საკმარისზე მეტ დანაშაულ(ებ)ის ნიშნებს და იყო აბსოლუტურად საკმარისი საფუძველი გამოძიების დასაწყებად. ვითხოვე გამოძიების დაუყოვნებლივ დაწყება, რომლის შემდგომ ვითანამშრომლებდი გამოძიებასთან. ანუ, მოვითხოვე პროცესის ისე წარმართვა, როგორც ამას ითვალისწინებს საქართველოში დღეს მოქმედი კანონმდებლობა". - წერს რაზმაძე. 

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წერილი განცხადების გენინსპექციისთვის გადაგზავნასთან დაკავშირებით რაზმაძემ გუშინ, 27 ივლისს მიიღო. 
 

"სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ჩემს წინააღმდეგ გამოიყენა ის ფაქტი, რომ უარი განვაცხადე გაურკვეველ და უკანონო "საგამოძიებო მოქმედებაში" მონაწილეობაზე, გამოძიება არ დაიწყო არც საჯაროდ გავრცელებული და არც განცხადებაში მითითებული ინფორმაციის საფუძველზე (რაც საკმარისზე მეტ ინფორმაციას შეიცავდა გამოძიების დასაწყებად) და ჩემი განცხადება (რომელშიც აღწერილი მაქვს შსს-ს გენერალური ინსპექციის დეპარტამენტის მოადგილის მიერ ჩემს მიმართ ჩადენილი შესაძლო დანაშაულ(ებ)ი) რეაგირებისთვის გააგზავნა ამავე დანაყოფში (შსს-ს გენერალურ ინსპექციაში).

ალბათ ისევ დ. მინდიაშვილმა უნდა დამიბაროს ეხლა გენერალურ ინსპექციაში, ამჯერად წინ ედება მისი უკანონო ქმედებების შესახებ ჩემი დაწერილი განცხადება (რომელიც მის ხელში არც ერთ შემთხვევაში არ უნდა მოხვედრილიყო) და დამამცირებელი მოპყრობის ახალი სერია მელოდება წინ.

მე რა თქმა უნდა, ვაგრძელებ ჩემი უფლებების დაცვას კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ეროვნული და საერთაშორისო მექანიზმის გამოყენებით". - წერს გოგა რაზმაძე. 

შსს-ს თანამშრომელი: ხარვეზებზე საუბრის გამო გენინსპექციაში საქმე გამირჩიეს

კომენტარები