ჩინეთი

სად გაქრა ცინ კანგი? – 30 დღეა მსოფლიო მედია ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ეძებს

ჩინეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ცინ კანგი

განახლება: გაუჩინარებული ცინ კანგი ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტიდან მოხსნეს

ცინ კანგი, რომელმაც ჩინეთის ელიტური პოლიტიკის სასტიკ სამყაროში წარმოუდგენელი წინსვლა შეძლო და სი ძინფინგის მთავრობის მაღალჩინოსანი გახდა, მოულოდნელად გაქრა. ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე 2022 წლის დეკემბერში დანიშნული 57 წლის დიპლომატი უკვე 30 დღეა საჯაროდ არ გამოჩენილა.

ცინმა ბოლო საჯარო შეხვედრა 25 ივნისს გამართა. 13 ივლისს მინისტრი არ დაესწრო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სახელმწიფოთა ასოციაციის (ASEAN) საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას, რომელიც ამავე სახელმწიფოთა სამიტისა და რეგიონული ფორუმის წინ გაიმართა. ოფიციალურმა პეკინმა მიზეზად მინისტრის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა და ცინის ნაცვლად ჯაკარტაში საგარეო საქმეთა ცენტრალური კომისიის ოფისის დირექტორი, ვანგ ი გაგზავნა.

"სახელმწიფო მრჩეველი და საგარეო საქმეთა მინისტრი, ცინ კანგი ASEAN-ის მინისტერიალს ვერ დაესწრება ჯანმრთელობის მიზეზების გამო" - თქვა 11 ივლისს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვანგ ვენბინმა.

ცინ კანგის ადგილსამყოფლის შესახებ 17 ივლისს ჰკითხეს სამინისტროს კიდევ ერთ წარმომადგენელს, მაო ნინგს, რომელმაც თქვა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობდა.

ინფორმაციული ვაკუუმის შექმნასთან ერთად, საკითხით ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოება კიდევ უფრო ინტერესდება. ჩინეთის ყველაზე დიდ საძიებო სისტემა Baidu-ში "ცინ კანგის" ძებნა ერთ კვირაში 5 000%-ით გაიზარდა.

ჩინურ სოციალურ ქსელებში ყველაზე ფართოდ გავრცელებული თეორიის თანახმად, ცინის საქმეს ქორწინების მიღმა ურთიერთობასთან დაკავშირებით იძიებენ, თუმცა მაო ნინგმა ამ თეორიასთან დაკავშირებითაც არ გააკეთა კომენტარი.

მაღალი თანამდებობის პირების საჯარო თვალიდან გაქრობა ჩინეთში იშვიათი სულაც არაა. მოგვიანებით მაღალჩინოსნები ან ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გამოჩნდებიან ხოლმე, ან აღმოჩნდება, რომ მათ წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობდა.

2012 წელს ორი კვირით გაუჩინარდა თავად სი ძინფინგიც, მოგვიანებით კი ჩინეთის ლიდერად მოგვევლინა.

ცინ კანგის ადგილსამყოფელთან დაკავშირებით დეტალები შესაძლოა 25 ივლისს ჩანიშნულ ეროვნული სახალხო კონგრესის საგანგებო შეხვედრაზე გახდეს ცნობილი.

მაშინაც კი, თუ ცინი უვნებელი დაბრუნდება, მისმა არყოფნამ და ხელისუფლების მიერ ინფორმაციული ვაკუუმის შექმნამ სის მთავრობასთან დაკავშირებით უკვე ბევრი კითხვა გააჩინა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სი ძინფინგი აშშ-ში ნოემბერში გასამართ აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ფორუმზე ჯო ბაიდენთან პოტენციური შეხვედრისთვის ემზადება.

კომენტარები