ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე საქართველოში რუსულ-ქართული უნივერსიტეტის შესაძლო გახსნაზე ამბობს, რომ თემას საფუძველი არ აქვს და მისი "ჭარბი აქტუალიზაცია" არასწორია.
ასეთი თემების ჭარბი აქტუალიზაცია, უბრალოდ, არასწორია - მით უმეტეს, რომ საფუძველი არ აქვს. მე ვერ მივიღებ მონაწილეობას... ზოგადად, რუსული თემების ჭარბი აქტუალიზაცია არის თქვენი [ჟურნალისტების] ინტერესი. ეს არ არის ჩემი ინტერესი". - თქვა კობახიძემ.
საქართველოში პრიმაკოვის ცენტრის ხელმძღვანელმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ თქვა, რომ თბილისში ქართულ-რუსული უნივერსიტეტი გაიხსნება. ამის შესახებ მან საქართველოში დაფუძნებულ რუსულენოვან მედიასთან რამდენიმე დღის წინ ისაუბრა.
კრემლისტური ორგანიზაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს უნივერსიტეტის განსათავსებელი შენობის ძებნა. მისივე თქმით, სწავლა უფასო იქნება და ხარჯებს რუსეთის ფედერაცია დაფარავს.
"ახლა კონკრეტულად განიხილება ქართულ-რუსული უნივერსიტეტის შექმნის საკითხი. ამ ეტაპზე ჩვენ ვეძებთ შესაბამის ადგილს ამ სასწავლო დაწესებულების განსათავსებლად. უნივერსიტეტში სწავლა უფასო იქნება - დაფინანსების ხარჯებს საკუთარ თავზე რუსეთის ფედერაცია აიღებს. ეს იქნება უნიკალური უმაღლესი სასწავლებელი, რომელსაც სრულად დააკომპლექტებს რუსული მხარე. ვფიქრობ, სექტემბრის ბოლოსთვის გვექნება უფრო მკაფიო სურათი და გამოვაქვეყნებთ დეტალებს, რომლებიც ამ უნივერსიტეტს უკავშირდება". – თქვა ლორთქიფანიძემ.
ამას გარდა, ლორთქიფანიძე ამბობს, რომ მიმდინარეობს ქართულ-რუსული ურთიერთობის "რეანიმაცია". მისივე მტკიცებით, რუსეთის ბევრ მოქალაქეს საქართველოში ბიზნესის გადმოტანის სურვილი აქვს.
გავრცელებულ ინფორმაციას გუშინ, 24 ივლისს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის სიმართლეს არ შეესაბამება. სამინისტროს განმარტებით, რუსულ-ქართული სასწავლებლის გახსნის მოთხოვნით სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში განცხადება არ შესულა.
განათლების სამინისტრო: რუსულ-ქართული უნივერსიტეტის გახსნაზე ცენტრში მოთხოვნა არ შემოსულა





