საქართველო-რუსეთი

დიმიტრი ლორთქიფანიძე: თბილისში რუსეთი ქართულ-რუსულ უნივერსიტეტს გახსნის

დიმიტრი ლორთქიფანიძე

საქართველოში პრიმაკოვის ცენტრის ხელმძღვანელმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ თქვა, რომ თბილისში ქართულ-რუსული უნივერსიტეტი გაიხსნება. ამის შესახებ მან საქართველოში დაფუძნებულ რუსულენოვან მედიასთან რამდენიმე დღის წინ ისაუბრა.

კრემლისტური ორგანიზაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს უნივერსიტეტის განსათავსებელი შენობის ძებნა. მისივე თქმით, სწავლა უფასო იქნება და ხარჯებს რუსეთის ფედერაცია დაფარავს.

"ახლა კონკრეტულად განიხილება ქართულ-რუსული უნივერსიტეტის შექმნის საკითხი. ამ ეტაპზე ჩვენ ვეძებთ შესაბამის ადგილს ამ სასწავლო დაწესებულების განსათავსებლად. უნივერსიტეტში სწავლა უფასო იქნება - დაფინანსების ხარჯებს საკუთარ თავზე რუსეთის ფედერაცია აიღებს. ეს იქნება უნიკალური უმაღლესი სასწავლებელი, რომელსაც სრულად დააკომპლექტებს რუსული მხარე. ვფიქრობ, სექტემბრის ბოლოსთვის გვექნება უფრო მკაფიო სურათი და გამოვაქვეყნებთ დეტალებს, რომლებიც ამ უნივერსიტეტს უკავშირდება". – თქვა ლორთქიფანიძემ.

TBC: ლორთქიფანიძის ორგანიზაციის დამფუძნებელი იურიდიული პირი სანქცირებულია, ანგარიში დაიხურა

ამას გარდა, ლორთქიფანიძე ამბობს, რომ მიმდინარეობს ქართულ-რუსული ურთიერთობის "რეანიმაცია". მისივე მტკიცებით, რუსეთის ბევრ მოქალაქეს საქართველოში ბიზნესის გადმოტანის სურვილი აქვს.

"სექტემბერში რუსეთის ფედერაციაში მორიგ ვიზიტს ვგეგმავთ და რუსული მხარისგან ველით ახალ საინტერესო ინიციატივებს. მიმდინარეობს ურთიერთობის რეანიმაციის პროცესი, ამასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია უშუალო და პირდაპირი კავშირი.  ვამჩნევ, რომ რუსეთის ბევრ მოქალაქეს აქვს საქართველოში ბიზნესის გადმოტანის დიდი სურვილი. თავის მხრივ, ქართველებს შორისაც არაა ცოტა ადამიანი, ვინც რუსეთში საქმიანობის დაწყებას ისურვებდა". – ამბობს პუტინისტი.

კრემლისტური ორგანიზაციის ხელმძღვანელი თვლის, რომ ოფიციალურმა თბილისმა რუსეთთან ოკუპირებული ტერიტორიებისა და უსაფრთხოების გარანტიების საკითხები უნდა განიხილოს, დაიწყოს დიალოგი ტერიტორიული მთლიანობის "განსაზღვრაზე". მისივე აზრით, საქართველოს მთავრობას რუსეთთან ლაპარაკი მალე მოუწევს.

"რუსეთთან აუცილებელია ჩვენი უსაფრთხოების გარანტიების თემის, ეკონომიკური პრობლემების განხილვა, დიპლომატიური, პოლიტიკური დიალოგის დაწყება ტერიტორიული მთლიანობის განსაზღვრასთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი საჭიროა მომავალი თაობისთვის. ჩვენ ვალდებული ვართ მათ შევუქმნათ საიმედო საყრდენი. ასე რომ, ვფიქრობ, საქართველოს ხელისუფლებას რუსულ მხარესთან საუბარი მალე მოუწევს". – აღნიშნა პუტინისტმა.

ლორთქიფანიძეს თქმით, ივლისში რუსეთში იგეგმება ორი კონფერენციის ჩატარება, სადაც გადაწყდება რუსეთი-საქართველოს რეისების "ავიაბილეთების სუბსიდირების" საკითხი.

უნივერსიტეტისა და ღვინის ლაბორატორიის გახსნის სურვილი – რაზე ისაუბრეს რუსეთ-საქართველოს არაოფიციალურ ფორუმზე

კომენტარები