რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ყირიმში საბრძოლო მასალის საცავის აფეთქების გამო, ქერჩის ხიდზე მოძრაობა დროებით შეჩერდა

ყირიმში ე.წ. გუბერნატორმა, სერგეი აქსიონოვმა თქვა, რომ ყირიმში საბრძოლო მასალის საცავზე უპილოტო თვითმფრინავის თავდასხმამ ხელისუფლებას უბიძგა, რომ ევაკუაცია ხუთი კილომეტრის რადიუსში გამოეცხადებინა და დროებით შეეჩერებინა საგზაო მოძრაობა ნახევარკუნძულის რუსეთთან დამაკავშირებელ ხიდზე. 

სერგეი აქსიონოვმა აღნიშნა, რომ აფეთქება კრასნოგვარდეისკის მოხდა, მაგრამ ზიანისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია. სახელმწიფო მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს აფეთქების ადგილზე ნაცრისფერი კვამლის სქელი ღრუბელი.

აქსიონოვმა თავდასხმაში უკრაინა დაადანაშაულა. კიევს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

17 ივლისს ქერჩის სრუტეზე გამავალ ხიდზე, რომელიც ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთის ფედერაციას აკავშირებს, აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ობიექტი დაზიანდა და გადაადგილება დროებით შეჩერდა. უკრაინული მედია წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ეს უსაფრთხოების სამსახურისა და სამხედრო-საზღვაო ძალების ერთობლივი სპეცოპერაცია იყო და იერიში საზღვაო დრონების გამოყენებით განახორციელეს. მსგავსი უპილოტო აპარატების გამოყენებაზე საუბრობდა რუსული მხარეც.

წარსულში რუსეთი ირწმუნებოდა, რომ უკრაინელებს ოკუპირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე იერიშები, მათ შორის საზღვაო დრონების გამოყენებით, ოდესის პორტიდან, მარცვლეულის შეთანხმების დარღვევით, მიჰქონდათ.

აფეთქებიდან რამდენიმე საათში, რუსეთმა დატოვა შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება, რომელიც უკრაინული სავაჭრო ხომალდების გადაადგილების უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა. შეთანხმებას თურქეთი შუამავლობდა.

კომენტარები