ასპენის უსაფრთხოების ფორუმზე გამოსვლისას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ყირიმის ხიდი უკრაინის ლეგიტიმური სამიზნეა და ის უნდა განეიტრალდეს.
"ყირიმის ხიდი არ არის მხოლოდ ლოჯისტიკური გზა. ეს არის გზა, რომელიც ომისთვის საბრძოლო მასალის მისაწოდებლად გამოიყენება. და ის აძლიერებს ყირიმის ნახევარკუნძულს. ეს არის მტრის ობიექტი, რომელიც საერთაშორისო სამართლის გათვალისწინების გარეშეა აშენებული, ამიტომ ლოგიკურია, რომ ეს სამხედრო მიზანია". თქვა ზელენსკიმ და დამატებით აღნიშნა, რომ ნებისმიერი სამიზნე, რომელიც ომს მოაქვს, უნდა განეიტრალდეს.
17 ივლისს ქერჩის სრუტეზე გამავალ ხიდზე, რომელიც ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთის ფედერაციას აკავშირებს, აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ობიექტი დაზიანდა და გადაადგილება დროებით შეჩერდა. უკრაინული მედია წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ეს უსაფრთხოების სამსახურისა და სამხედრო-საზღვაო ძალების ერთობლივი სპეცოპერაცია იყო და იერიში საზღვაო დრონების გამოყენებით განახორციელეს. მსგავსი უპილოტო აპარატების გამოყენებაზე საუბრობდა რუსული მხარეც.
წარსულში რუსეთი ირწმუნებოდა, რომ უკრაინელებს ოკუპირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე იერიშები, მათ შორის საზღვაო დრონების გამოყენებით, ოდესის პორტიდან, მარცვლეულის შეთანხმების დარღვევით, მიჰქონდათ.
აფეთქებიდან რამდენიმე საათში, რუსეთმა დატოვა შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება, რომელიც უკრაინული სავაჭრო ხომალდების გადაადგილების უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა. შეთანხმებას თურქეთი შუამავლობდა.





