გიორგი ვაშაძე

"გადავიდა ბნელ მხარეს" - რას ამბობდა სააკაშვილი ვაშაძეზე

დღეს, 21 ივლისს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ საააკშვილი გამოეხმაურა სტრატეგია აღმაშენებლისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ შექმნილ ალიანსს, გამარჯვების პლატფორმას და დაწერა, რომ მიესალმება ამ პლატფორმის შექმნას "ძალიან საინტერესო ლიდერებით". მისივე თქმით, გიორგი ვაშაძის როლი ძალიან დადებითია ქართულ პოლიტიკაში და უკიდურესად სასარგებლო ახალ გაერთიანებაში.

3 წლის წინ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და მისი პარტია - ერთიანი ნაციონალური მოძრაობა რადიკალურად განსხვავებულად აფასებდნენ გიორგი ვაშაძეს.

2020 წლის 27 ივლისს გიორგი ვაშაძის პარტიამ ახალმა საქართველომ და თაკო ჩარკვიანის კანონმა და სამართალმა გაერთიანება ძალა ერთობაშია დატოვეს და ახალი პლატფორმა სტრატეგია აღმაშენებელი შექმნესენმ-ში მაშინ ამბობდნენ, რომ განხეთქილება მათსა და გიორგი ვაშაძეს შორის იმან გამოიწვია, რომ მას ოპოზიციური პარტიების მიერ პრემიერმინისტრობის კანდიდატად დასახელება სურდა. 

ვაშაძის გადაწყვეტილებას იმავე დღეს გამოეხმაურა მაშინ სააკაშვილის გუნდის წევრი სალომე სამადაშვილი და თქვა, რომ გიორგი ვაშაძის აქტიური დამფინანსებელი და ხელშემწყობი ვანო ჩხარტიშვილია და რომ მათ "აქვთ საკუთარი მოსაზრებები, რატომ მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება". ვაშაძემ სამადაშვილს საპასუხოდ გაახსენა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისას, მაშინ როდესაც გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი იყო, ვანო ჩხარტიშვილი მაშინაც მისი ცოლის ნათესავი იყო.

2020 წლის 2 აგვისტოს სააკაშვილმა გიორგი ვაშაძეზე ლაპარაკისას თქვა, რომ "ვაშაძე გადავიდა ბნელ მხარეს". მისი თქმით, ის იმედებს ამყარებდა და შანსს აძლევდა ვაშაძეს, თუმცა ხელით მთელი ცხოვრება ვერავის ათრევს. "ძალა ერთობაშია და არა ერთმანეთისთვის ტალახის სროლაში" - უპასუხა მაშინ გიორგი ვაშაძემ მიხეილ სააკაშვილს.

სააკაშვილმა განცხადებაში გაიხსენა 2019 წელიც, როდესაც გიორგი ვაშაძე უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს საარჩევნო შტაბში იმყოფებოდა. 

"როდესაც პორაშენკომ, პრაქტიკულად, კინაღამ ფიზიკურად გამანადგურა და ძალიან სერიოზულად დამამცირა, ამის შემდეგ გიორგი ვაშაძე მივიდა მასთან და იყო მისი საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მთავარი სტრატეგი. მაგრამ მე ეს არ მწყენია". - თქვა მაშინ სააკაშვილმა. მისივე განცხადებით, ვაშაძემ ჩათვალა, რომ ჰქონდა პირადი კავშირები და "შეიძლება რაღაც სხვა ფინანსური სტიმულიც".

2019 წელს გიორგი ვაშაძე პეტრო პოროშენკოს საარჩევნო შტაბში ექსპერტის როლით იმყოფებოდა. მაშინ ის ამბობდა, რომ მისი და სააკაშვილის მოსაზრებები განსხვავდებოდა ერთმანეთისგან უკრაინასთან მიმართებაში, თუმცა სრულად ემთხვეოდა საქართველოს შესახებ.

პეტრო პოროშენკო მიხეილ სააკაშვილმა გიორგი ვაშაძეს 2021 წელსაც შეახსენა, მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია პირველის ეთერში ვაშაძემ თქვა, რომ ენმ-ს მომავალი არ აქვს, რადგან სააკაშვილი არასდროს აძლევს გასაქანს ახალი თაობის მიდგომებს პარტიაში. ექსპრეზიდენტმა ამის პასუხად Facebook-ზე დაწერა, რომ "მოშივდა საბრალოს" და ყველაზე ადვილი მეთოდი ფულის შოვნის "პოროშენკოს უკრაინაში" და "ივანიშვილის საქართველოში" სააკაშვილის ლანძღვაა.

კომენტარები