გიორგი ვაშაძე

ვაშაძე: ბიუჯეტს მხარს დავუჭერთ, თუ 400 მილიონი საპენსიო სესხების გასტუმრებას მოხმარდება

გიორგი ვაშაძე
ტაბულა

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ბიუჯეტის ცვლილების საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საბიუჯეტო ცვლილებას მხარს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუჭერს, თუ 400 მილიონი ლარი საპენსიო სესხების გასტუმრებას მოხმარდება. 

"ჩვენ, გამარჯვების კოალიციის წევრები, სტრატეგია აღმაშენებელი და ნაციონალური მოძრაობა, მზად ვართ, მივიღოთ უპრეცედენტო გადაწყვეტილება და დავუჭიროთ ბიუჯეტს მხარი ერთ შემთხვევაში, თუ ამ თანხიდან 400 მილიონი მოხმარდება საპენსიო სესხების გასტუმრებას. ანუ, ეს არის ჭარბი თანხა, რომელიც მიიღო ბიუჯეტმა და ვფიქრობთ, რომ ყველაზე სწორი იქნება, თუ პენსიონერებს გავუსტუმრებთ ვალებს, იმ კატასტროფულ, კაბალურ პირობებში აღებულ ვალებს, რომლებიც მათ დღეს აქვთ და რომელთა რაოდენობაც დაახლოებით 400 მილიონი ლარია. ვფიქრობთ, ეს არის ჭარბი თანხა და ყველაზე სწორი იქნება, პენსიონერებს მოვახმაროთ, იმ ასობით ათას პენსიონერს, რომელთაც ლიბერთი ბანკისგან კაბალური პირობებით აქვთ ვალი აღებული, სამწუხაროდ, რომელიც დღემდე გრძელდება". - თქვა გიორგი ვაშაძემ.

საქართველოს მთავრობამ 2023 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შეიტანა. პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, "ჩვენი პოლიტიკის შედეგად და მაღალი ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებით, ბიუჯეტს ვაკორექტირებთ, ცვლილებები შეგვაქვს და წლევანდელი ბიუჯეტი 500 მილიონი ლარით გაიზრდება".


26 სექტემბერს სტრატეგია აღმაშენებლის თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი პარლამენტში პენსიონერების საინიციატივო ჯგუფს შეხვდნენ. ორი პარტიის გაერთიანების, გამარჯვების პლატფორმის ცნობით, შეხვედრის მთავარი საკითხი 350 000-მდე პენსიონერისთვის საპენსიო სესხის გაუქმება და საპენსიო ასაკის დაწევა იყო.

პლატფორმის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, სწორედ ამ თემების გარშემო 30 სექტემბერს პენსიონერთა ფორუმი გაიმართება, სადაც მიღებულ გადაწყვეტილებებს მოქალაქეებს საჯაროდ აცნობებენ.

რამდენიმე თვის წინ ტაბულამ ქართული პოლიტიკური პარტიებისგან ინტერვიუები აიღო არსებული საპენსიო სქემის პრობლემებისა და მათი გადაჭრისთვის საჭირო რეფორმების ხედვების შესახებ. 

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ საპენსიო სისტემასთან დაკავშირებით ახალი ინიციატივა წარადგინა, რომლის თანახმადაც საპენსიო ასაკმა უნდა დაიწიოს და ყველასთვის 60 წელი გახდეს. ამასთან, პარტიაში მიაჩნიათ, რომ მინიმალური პენსია 400 ლარიდან უნდა დაიწყოს. ტაბულამ სცადა ენმ-სთვის მათი ინიციატივის შესახებ დამატებითი კითხვების დასმა, დაგროვებით სისტემაზე პოზიციის და რეფორმირების ხედვის გაგება, თუმცა პარტიამ ინტერვიუზე უარი თქვა.

კომენტარები