უკრაინის არჩევნები

გიორგი ვაშაძე: ჩემი და სააკაშვილის პოზიციები უკრაინასთან მიმართებით განსხვავდება

პოლიტიკური პარტია "ახალი საქართველოს" თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე, რომელიც უკრაინაში, პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს საარჩევნო შტაბში იმყოფება, ტაბულას ესაუბრა. ვაშაძე დღის ბოლოს უკრაინის მოქმედი პრეზიდენტისთვის კარგ საარჩევნო მონაცემებს ელოდება.

"პოროშენკოს შტაბში ვარ და ვემზადებით კარგი მონაცემებისთვის საღამოს. უკრაინის არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. უკრაინამ უნდა გააგრძელოს დასავლური კურსი და ევროპასთან ინტეგრაცია. 10 დღის წინ ვიყავი ბრიუსელში, სადაც ნომერ პირველი თემაა უკრაინის არჩევნები. ბევრი პრორუსული კანდიდატიაა, ღია თუ ფარული უკრაინაში. ბევრი რუსული ფულია. facebook-მა სპეციალური ჯგუფი შექმნა უკრაინაში Fake News-ების გასაკონტროლებლად", - უთხრა ვაშაძემ ტაბულას.

მისი თქმით, პოროშენკოს შტაბში ის ექსპერტის როლში იმყოფება.

"ჩემი სამუშაო ნაწილი შტაბში ეს არის საარჩევნო პროგრამა, ეს არის ეკონომიკური განვითარების გეგმა, რომელიც უკრაინელ კოლეგებთან ერთად შევიმუშავეთ, ასევე ბრიუსელთან ურთიერთობა - აშშ-ისთან ურთიერთობა. ამ კუთხით რჩევებისა და კონსულტაციების მიცემა პრეზიდენტისთვის", - თქვა ვაშაძემ.

ვაშაძის თქმით, მას და მიხეილ სააკაშვილს პეტრო პოროშენკოზე სხვადასხვა შეფასება აქვთ.

"მე მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ გუნდში არ ვარ, მე მაქვს ჩემი პოლიტიკური პარტია საქართველოში და ჩვენ ვართ კოალიციაში. მიხეილ სააკაშვილისგან განსხვავებით მე არ ვარ უკრაინულ პოლიტიკაში, მე ვარ საქართველოს მოქალაქე ექსპერტი, რომელიც მონაწილეობას იღებს უკრაინულ რეფორმებში და ჩემთვის, როგორც ქართვლი პოლიტიკოსისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკრაინამ განაგრძოს ევრპული ინტეგრაცია და დღეს, გვინდა თუ არა, პოროშენკო არის მთავარი წინააღმდეგობის ხაზი პუტინის პოლიტიკის ჩვენს რეგიონში.

ეს ნიშნავს რომ ჩემი და მიხეილ სააკაშვილის პოზიციები განსხვავდება უკრაინასთან მიმართებით, მაგრამ რადგანაც ვთანამშრომლობთ გაერთიანებული ოპოზიციის ფარგლებში, პოზიციები სრულად ემთხვევა ერთმანეთს საქართველოს შესახე. ვფიქრობ, რომ ივანიშვილი არის ის უბდეურება, რომელიც დღეს საქართველოს აქვს", - აცხადებს "ახალი საქართველოს" თავმჯდომარე.

31 მარტს უკრაინაში რიგით მეშვიდე საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება. არჩევნებზე 39 კანდიდატი დარეგისტრირდა, რაც საპრეზიდენტო კანდიდატების რეკორდული რიცხვია. ევრომაიდანიდან ხუთი წლის შემდეგ, რუსეთის გამუდმებული შეტევისა და კანდიდატებზე საზოგადოების აზრთა სხვადასხვაობის ფონზე, არჩევნების შედეგები არაპროგნოზირებადია. გამოკითხვებში ცნობილი უკრაინელი კომიკოსი და პრეზიდენტობის კანდიდატი, ვოლოდიმირ ზელინსკი 20%-ზე მეტი მაჩვენებლით ლიდერობს.

რეიტინგ ჯგუფის კვლვის თანახმად, ამომრჩეველთა 83% არჩევნებში მონაწილეობას იღებს და რჩეული კანდიდატიც ჰყავთ. კვლევის შედეგებით, მხოლოდ 5 კანდიდატი მიიღებს 9%-ზე მეტ ხმას. გამარჯვების ყველაზე მაღალი შანსი კი სამ კანდიდატს აქვს.

ვოლოდიმირ ზელინსკის, მოქმედ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსა და ექსპრემიერ იულია ტიმოშენკოს.

იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე კანდიდატი ვერ მიიღებს ხმების 50%-ზე მეტს, 21 აპრილს მეორე ტური გაიმართება.

 

კომენტარები