რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ვხედავთ ვაგნერის ძალების რუსეთის არმიაში რეინტეგრაციას – პენტაგონი

ვაგნერის წევრები ბახმუტში
РИА

პენტაგონის ინფორმაციით, რუსეთის არმიაში ვაგნერის ძალების რეინტეგრაცია ხდება. ამის შესახებ 20 ივლისს პრემდივნის მოადგილემ, საბრინა სინგმა ისაუბრა.

"იმ თვალსაზრისით, რასაც ჩვენ ვხედავთ ბელორუსიაში, გვესმის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვაგნერის ჯარები აგრძელებენ ამ რეგიონში გადაადგილებას და, ვფიქრობ, აგრძელებენ იქ კონსოლიდაციას... ჩვენ, რა თქმა უნდა, ვნახეთ ვაგნერის ძალების რეინტეგრაცია რუსეთის არმიაში." - თქვა პენტაგონის პრესმდივნის მოადგილემ, საბრინა სინგმა.

გასულ კვირას პენტაგონის წარმომადგენელმა და ბრიგადის გენერალმა, პატ რაიდერმა თქვა, რომ "უკრაინაში საბრძოლო ოპერაციების მხარდასაჭერად ვაგნერის ძალების რაიმე მნიშვნელოვან მონაწილეობას" პენტაგონი ვერ ხედვას.


რუსეთში სამხედრო არეულობა 23 ივნისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ვაგნერელების ბანაკზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშაულა და მათ საპასუხო ნაბიჯებს დაჰპირდა.

ვაგნერის ძალები 24 ივნისის გამთენიისას შევიდნენ დონის როსტოვში, სადაც, პრიგოჟინის მტკიცებით, აქამდე იმყოფებოდა რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ. ვაგნერის ლიდერი ამბობდა, რომ შოიგუ აქ სპეციალურად ჩამოვიდა, რათა მისი ძალების განადგურება დაეგეგმა, თუმცა, საპასუხო მოქმედებების დაწყების შემდეგ, გაიქცა. თავად პრიგოჟინი ამბობდა, რომ ეს არა სამხედრო გადატრიალება, არამედ "სამართლიანობის მარში" იყო.

დაპირისპირებულ მხარეებს შორის შუამავლობა დაიწყო ბელარუსის ავტოკრატმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ. საბოლოოდ მხარეებმა დეესკალაციის შეთანხმებას მიაღწიეს. პრიგოჟინმა განაცხადა, რომ "გეგმის შესაბამისად", საკუთარ ძალებს უკან, საველე ბანაკებში დააბრუნებდა. შემდეგ კრემლში განაცხადეს, რომ პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის წარმოება შეწყდებოდა, თავად ოლიგარქი კი ბელარუსში გადავიდოდა. თუმცა, შემდეგში რუსულმა სამთავრობო მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე არ შეწყვეტილა.

26 ივნისს პუტინმა ვაგნერელებს სამი ალტერნატივა შესთავაზა: თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტის დადება, სახლში დაბრუნება, ან ბელარუსში გადასვლა.


19 ივლისს კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფთან დაკავშირებულ ტელეგრამ-არხებზე, მათ შორის ერთ-ერთზე, რომელიც ჯგუფის მეთაურებს ეკუთვნით, გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ევგენი პრიგოჟინი საუბრობდა. ეს, აჯანყების შემდეგ, რუსი ოლიგარქის პირველი გამოჩენაა.

ვიდეოში პრიგოჟინი ამბობს, რომ უკრაინაში რაც ფრონტზე ხდება "სირცხვილია" და ამაში ვაგნერი არ უნდა მონაწილეობდეს. მისი თქმით, უნდა მოუცადონ მომენტს, როცა "თავის სრულად გამოჩენას" შეძლებენ, აქამდე კი ბელარუსის არმიას "პირველ არმიად" აქცევენ და თუ საჭირო გახდება, მათ მხარესაც იბრძოლებენ.

პრიგოჟინის თქმით, ვაგნერი ბელარუსში მომზადებას გააგრძელებს და მოემზადება აფრიკაში ოპერაციებისთვის და ის არც უკრაინაში დაბრუნებას გამორიცხავს.

"ვემზადებით, ვიმაღლებთ დონეს ახალ გზაზე აფრიკისკენ, შეიძლება სპეციალურ სამხედრო ოპერაციაშიც დავბრუნდეთ, როცა დავრწმუნდებით, რომ ჩვენ არ დაგვაძალებენ გვრცხვენოდეს ჩვენი თავისა და გამოცდილების". – თქვა პრიგოჟინმა.

კომენტარები