რუსეთი

რუსეთის დუმამ გენდერის შეცვლის ამკრძალავ კანონპროექტს მესამე მოსმენითაც დაუჭირა მხარი

Dmitry Lovetsky/AP/picture alliance

რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატამ, სახელმწიფო დუმამ გენდერის შეცვლის პროცედურების ამკრძალავ კანონპროექტს მესამე და საბოლოო მოსმენით დაუჭირა მხარი.

დუმას სპიკერის, ვიაჩესლავ ვოლოდინისა და პარლამენტის ხუთივე პარტიის ფრაქციების ლიდერების მიერ ინიციირებულ კანონპროექტს დეპუტატებმა პირველი მოსმენით ივნისში, მეორე მოსმენით კი 13 ივლისს დაუჭირეს მხარი.

კანონპროექტის ამოქმედების შემთხვევაში, ცვლილებები შევა რუსეთის მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვის ძირითადი ნორმის კანონში, რის საფუძველზეც გენდერის შეცვლის მიზნით ნებისმიერი სამედიცინო ან ქირურგიული ჩარევა და შესაბამისი მედიკამენტების გამოყენება აიკრძალება.

აკრძალვა არ გავრცელდება ისეთ სამედიცინო ჩარევებზე, რომლებიც თანდაყოლილი ანომალიებისა და დეფექტების, ასევე ბავშვებში ატიპიურ სასქესო ორგანოებთან დაკავშირებული გენეტიკური და ენდოკრინოლოგიური დაავადებების მკურნალობაზეა მიმართული.

კანონპროექტის ამოქმედებით ცვლილებები შევა საოჯახო კოდექსშიც, რათა დაქორწინებული წყვილიდან ერთ-ერთის მიერ გენდერის შეცვლის შემთხვევაში მეორემ განქორწინების შესახებ განაცხადის შეტანა შეძლოს. პირს, რომელსაც გენდერი აქვს შეცვლილი, ბავშვის შვილად აყვანის უფლებაც ჩამოერთმევა.

სახელმწიფო დუმამ ასევე მიიღო რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს რუსეთის მთავრობას ტრანსსექსუალობა, ტრანსვესტიტიზმი და პედოფილია დაავადებებად ცნოს.

რუსეთის დუმამ გენდერის შეცვლის ამკრძალავ კანონპროექტს თავდაპირველად 14 ივნისს დაუჭირა მხარი.

კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორის, დეპუტატ პიოტრ ტოლსტოის თქმით, აკრძალვის მიზანია "დაიცვას რუსეთი თავისი კულტურული და ოჯახური ღირებულებებით და შეაჩეროს დასავლური ანტი-ოჯახური იდეოლოგიის ინფილტრაცია".რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერმა, ვიაჩესლავ ვოლოდინმა კენჭისყრის დაწყებამდე გენდერის შეცვლას “სუფთა სატანიზმი” უწოდა.

"ჩვენ არ გვინდა ეს ჩვენს ქვეყანაში მოხდეს. დაე ეშმაკეული პოლიტიკა აშშ-ში განხორციელდეს". - დასძინა ვოლოდინმა.

რუს დეპუტატებს კანონის გასასამართლებლად სხვადასხვა არგუმენტები მოჰყავთ. ერთ-ერთი ვერსიით, გენდერის შეცვლის პროცედურებს რუსი კაცები სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევისგან თავის ასარიდებლად იყენებენ.

რუსი ტრანსგენდერები და LGBT+ ადამიანების უფლებადამცველები კანონპროექტს ულმობელ მოვლენად აფასებენ.

ადამიანის უფლებების ადვოკატის, მაქს ოლენჩევის თქმით, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, ტრანსგენდერებს შესაბამისი სამედიცინო პროცედურების, მათ შორის ჰორმონოთერაპიისა და ქირურგიული ოპერაციების ჩასატარებლად, ასევე დოკუმენტებში საკუთარი გენდერის შესაცვლელად ქვეყნის დატოვება მოუწევთ.

დამოუკიდებელი რუსული საინფორმაციო გამოცემა Meduza იტყობინება, რომ კანონპროექტის განხილვისას სახელმწიფო დუმაში ერთიანობის მსგავსი დემონსტრირება პუტინის მმართველობის დროს მხოლოდ სამჯერ მოხდა - ერთ-ერთი სწორედ LGBT+ საზოგადოების წინააღმდეგ მიღებული "არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის პროპაგანდის" კანონის განხილვისას.

ივნისის ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ კრემლის მიერ "არატრადიციული ცხოვრების წესის" წინააღმდეგ მიღებული კიდევ ერთი ბრძანების თანახმად, მალე რუსეთის კლინიკებში გამოჩნდებიან სექსოლოგები, რომლებიც პაციენტებს ჰომოსექსუალობისა და სხვა "ფსიქიკური აშლილობების" "დაძლევაში" დაეხმარებიან.

პუტინის მიერ ხელმოწერილი ბრძანების თანახმად, სპეციალისტები პაციენტებს "ავტოეროტიზმის, ჰომოსექსუალიზმისა და ზოოფილიის მსგავსი არასტანდარტული პრეფერენციების" გამკლავებაშიც დაეხმარებიან. ბრძანება ძალაში 1 ივლისს შევიდა.

რუსეთში LGBT+ საზოგადოება ვლადიმირ პუტინისა და რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ წამოწყებული "ტრადიციული ღირებულებების" კამპანიის გავლენით უკვე ათწლეულია მზარდი ზეწოლის ქვეშ იმყოფება.

კომენტარები