რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ვაშინგტონი და კიევი ადასტურებენ, რომ კასეტური ბომბები უკვე უკრაინაშია

ამერიკელი სამხედრო 155-მმ-იანი კასეტური ჭურვით, რომელიც ცნობილია, როგორც ორმაგი გამოყენების გაუმჯობესებული კონვენციური ჭურვი (DPICM). კემპ ჰოვი, სამხრეთ კორეა, 2016 წლის 20 სექტემბერი.
U.S. Army photo/2nd Lt. Gabriel Jenko

კასეტური საბრძოლო მასალები უკვე უკრაინაშია. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინელი გენერალი ავრცელებს. ასევე, ცნობებს ადასტურებს პენტაგონიც.

"ჩვენ ახლახანს მივიღეთ ისინი [კასეტური ბომბები], ჯერ არ გამოგვიყენებია, მაგრამ, ამ იარაღს ბრძოლის ველზე ვითარების რადიკალურად შეცვლა შეუძლია". - ამბობს ტავრიის ჯარების ოპერატიულ-სტრატეგიული დაჯგუფების მეთაური, ბრიგადის გენერალი ალექსანდრე ტარნავსკი CNN-თან ინტერვიუში.

ასევე, გუშინ, 13 ივლისს პენტაგონმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ უკრაინაში კასეტური საბრძოლო მასალა უკვე განთავსდა.

"მტერსაც ესმის, რომ ამ საბრძოლო მასალის მიღებით ჩვენ გვექნება უპირატესობა... რუსებს ჰგონიათ, რომ ბომბებს ფრონტის ყველა რაიონში გამოვიყენებთ. ეს არასწორი დაშვებაა. მაგრამ ისინი ძალიან შეშფოთებულნი არიან". - დასძენს ტარნავსკი.

აშშ-ს გადაწყვეტილებამ, მიეწოდებინა უკრაინისთვის კასეტური საბრძოლო მასალა მოკავშირეებში არაერთგვაროვანი განწყობები გამოიწვია. გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან ისეთ ქვეყნები, როგორებიცაა გერმანია, დიდი ბრიტანეთი და ა.შ. 

გერმანიის, ისევე, როგორც დიდი ბრიტანეთის პოზიცია გამომდინარეობს კასეტური შეიარაღების შესახებ 2008 წლის კონვენციიდან, რომლის ხელმომწერებიც თავად არიან. კონვენცია კასეტური იარაღის გამოყენებას, წარმოებასა და გადაცემას კრძალავს.

მიუხედავად ამისა, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დაადასტურა, რომ იგი მზადაა, უკრაინა კასეტური შეიარაღებით მოამარაგოს. ადამიანის უფლებების და შეიარაღების კონტროლის მრავალი ჯგუფი კასეტურ იარაღს საერთაშორისო სამართალთან შეუსაბამოდ მიიჩნევს. კასეტური ბომბი შესაძლოა ასობით მცირე ბომბს შეიცავდეს, რაც ეფექტურია მტრის ძალების დიდი კონცენტრაციის განადგურებისთვის, თუმცა მშვიდობიანი მოსახლეობისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

კომენტარები