პრაიდის ფესტივალი

Tbilisi Pride: საგამოძიებო სამსახურებს ამ დრომდე შესაბამისი სამუშაოები არ ჩაუტარებიათ

ტაბულა

Tbilisi Pride 8 ივლისს ქოც-ორკების მიერ პრაიდ ფესტივალის ტერიტორიის დარბევის, კერძო ტერიტორიაზე შემოჭრისა და ქონების განადგურების თაობაზე საქართველოს საგამოძიებო სამსახურების უმოქმედობის შესახებ განცხადებას ავრცელებს. 

"8 ივლისს თბილისი პრაიდის ფესტივალის დარბევის, ლგბტქი აქტივისტების ევაკუაციის, კერძო ტერიტორიაზე შემოჭრისა და ქონების განადგურების შესახებ მედიით მთელმა საქართველომ შეიტყო. დამატებით, 10 ივლისს, თბილისი პრაიდმა შეტყობინება გააკეთა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცხელ ხაზზეც. მოვითხოვეთ ტერიტორიის დათვალიერება, ზიანის შეფასება და გამოძიების დაწყება, მათ შორის პოლიციელებისა და შსს-ს მიმართ. თუმცა, ამ დრომდე საგამოძიებო სამსახურები არ დაგვკავშირებიან, არ ამოსულან ფესტივალის ტერიტორიაზე და არ ჩაუტარებიათ შესაბამისი სამუშაოები.

დღეს გვიწევს ფესტივალის ტერიტორიიდან წავიღოთ ნივთები, რადგან ძალადობრივი მოვლენებიდან ხუთი დღე გადის. თუმცა ორგანიზაციამ დეტალურად დაადოკუმენტირა ზიანი, შეინახა ზიანის ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა, რაც საჭიროების შემთხვევაში შესაბამის ორგანოებს გადაეცემათ". - წერია Tbilisi Pride-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

8 ივლისს Pride-კვირეულის დასკვნითი ფესტივალი 17:00-ზე იყო დაგეგმილი. თუმცა, რამდენიმე საათით ადრე ქოც-ორკები შეიკრიბნენ და ფესტივალის ტერიტორიისკენ დაიძრნენ. ამის შემდეგ, Tbilisi Pride-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ მათ ევაკუაცია მოუწიათ. რადგან სამართალდამცველებმა "ვერ შეძლეს ტერიტორიის დაცვა".

ჰომოფობიურმა ჯგუფებმა დაარბიეს ფესტივალის ტერიტორია, დაარბიეს სცენა, დაწვეს ინვენტარის ნაწილი და მოიპარეს ფესტივალის ტერიტორიაზე განთავსებული საკვები, სასმელი და სხვა სახის ქონება.

პრაიდ ფესტივალი 8 ივლისს, ლისის ტბის ტერიტორიაზე უნდა გამართულიყო. Tbilisi Pride-მა კერძო ღონისძიების ჩაშლის მცდელობაში შსს და ძალადობრივი ჯგუფი, ალტ-ინფო დაადანაშაულა, თავდასხმას კი წინასწარ კოორდინირებული და შეთანხმებული უწოდა.

კომენტარები