შსს

დარახველიძე: გოგა რაზმაძის განცხადება არის სრული ტყუილი და აბსურდი

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე უწყების თანამშრომლის, გოგა რაზმაძის განცხადებას სრულ ტყუილსა და აბსურდს უწოდებს. 

დარახველიძე ამტკიცებს, რომ ადამიანის უფლებების დეპარტამენტში აუდიტი მისი გაძლიერების მიზნით, არსებული მდგომარეობის შეფასებისა და ძლიერი და სუსტი მხარეების განსასაზღვრად ჩატარდა.   

შს მინისტრის მოადგილე ასევე ამტკიცებს, რომ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის წაშლა არავისთვის მოუთხოვიათ, მისივე სიტყვებით, უწყებაში არის ეთიკის კოდექსი, რომლის მიხედვითაც უნდა იმოქმედონ თანამშრომლებმა. 

"გოგა რაზმაძის განცხადება არის სრული ტყუილი, აბსურდი და არანაირ მტკიცებულებას და სამართლებრივ საფუძვლებს არ ეფუძნება. მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ ადამიანის უფლებების დეპარტამენტი 5 წელია, რაც შეიქმნა შსს-ს სისტემაში და ჩვენ მივიღეთ არაერთი რეკომენდაცია საერთაშორისო ორგანიზაციებისგან, როგორიც არის გაერო, ევროკავშირი და ა.შ. რომ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ამ დეპარტამენტის გაძლიერების მიმართულებით. იმისათვის, რომ ჩვენ შეგვეფასებინა არსებული მდგომარეობა, რა მდგომარეობაა დეპარტამენტში, სად არის ძლიერი და სუსტი მხარეები, სწორედ ამიტომ ვთხოვეთ აუდიტის დეპარტამენტს, რომ შეესწავლა ფუნქციური დატვირთვა. 

მხოლოდ გოგა რაზმაძე აღმოჩნდა ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ეს პროცესი დისკომფორტს უქმნის. არანაირი კონკრეტული ფაქტი იმის შესახებ, რომ ვინმეს რაიმე ზეწოლას ან შევიწროებას ჰქონდა ადგილი, გარდა გოგა რაზმაძის ზოგადი განცხადებებისა, ჩვენ არ მოგვისმენია.  

ზოგადად, შსს-ში არის ეთიკა და ეთიკის კოდექსი, რომელიც იმ საქმეებზე, რაზეც თითოეული ჩვენგანი ვმუშაობთ, წინასწარ გამოხატული პოზიციის დაფიქსირება არ არის ეთიკური საქციელი. ჩვენ არავისთვის არ მიგვითითებია რაიმე პოსტის აღება, ჩვენ ყველას მოვუწოდებთ, რომ იმ ეთიკის კოდექსის შესაბამისად, რაც არის პოლიციის შესაბამისი დანაყოფებისთვის დადგენილი, იმოქმედონ ეთიკის შესაბამისად". - ამბობს დარახველიძე.


 შსს-ს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის რეგიონული სამმართველოს უფროსი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართავს და შსს-ს გენერალურ ინსპექციაში მასზე განხორციელებულ დამამცირებელ მოპყრობაზე რეაგირებას სთხოვს. გოგა რაზმაძე წერს, რომ ადამიანის უფლებათა დეპარტამენტში არსებულ პრობლემებზე საუბრის გამო, ის გენერალურ ინსპექციაში დაიბარეს და "საქმე გაურჩიეს". მისი თქმით, უკვე მიმართა სახალხო დამცველს სამინისტროში დისკრიმინაციულ მოპყრობასთან დაკავშირებით. გოგა რაზმაძე ასევე მიმართავს ყველა საერთაშორისო თუ ადგილობრივ ორგანიზაციას, უცხო ქვეყნის ელჩებს, მედიას - "დაინტერესდნენ აღნიშნული ფაქტით და არ დაუშვან ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების უსაფრთხოების ხელყოფა".

შსს-ს თანამშრომლის თქმით, მას შემდეგ, რაც დეპარტამენტის კურატორად მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე დაინიშნა,  შეიცვალა დეპარტამენტისა და მისი თანამშრომლების მიმართ დამოკიდებულება - დეპარტამენტს აღარ ჰქონდა მონიტორინგის რეალური ბერკეტები, შესუსტდა კომუნიკაცია გარე აქტორებთან და თანამშრომლები დაექვემდებარნენ ცენზურას. 

გოგა რაზმაძის განცხადება სრულად - წაიკითხეთ აქ.

კომენტარები