რესპუბლიკური საავადმყოფო

დაკავებულია რესპუბლიკურის ყოფილი ფინანსური დირექტორი, თანამშრომელი და ინდ. მეწარმე – POG

moh.gov.ge

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებულია რესპუბლიკური საავადმყოფოს ფინანსური დირექტორი, ამავე კლინიკის ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი და ინდ. მეწარმე.   

უწყება მათ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლებას, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, სამსახურებრივ სიყალბესა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადებას ედავება. 

განცხადების მიხედვით, გამოძიებას საფუძვლად ჯანდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის ანგარიში დაედო.  

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დაადგინეს, რომ რესპუბლიკური საავდმყოფოს ფინანსურმა დირექტორმა კლინიკის გასარემონტებლად ინფრასტრუქტურული დეპარტამენტის თანამშრომლის ნათესავი შეარჩია და თავის დაქვემდებარებაში მყოფს მისცა დავალება, ხელშეკრულება ძველი თარიღით შეედგინა. 2020-2021 წლებში კლინიკასა და ინდ. მეწარმეს შორის გაფორმდა ხელშეკრულებები, რომლის მიხედვით კლინიკის ოთხი სართულის, 3 060 496 ლარის ღირებულების სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები უნდა ჩატარებულიყო. გამოძიების ინფორმაციით, ინდ. მეწარმეს აღნიშნული თანხა ჩაერიცხა, ხოლო შესრულებული სამუშაოები 2 475 003 ლარის იყო - სხვაობა 580 767 ლარია.  პროკურატურის ინფორმაციით, აღნიშნული თანხიდან  ჯგუფის წევრები დაეუფლნენ სახელმწიფო კომპანიის კუთვნილ 143 846 ლარს და სცადეს დარჩენილი 436 921.60 ლარის დაუფლებაც.     

"ჩატარებული გამოძიების შედეგად ასევე დადგინდა, რომ 2021 წელს, "საუნივერსიტეტო კლინიკასა" და "ნიუმშენს" შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, უნდა ჩატარებულიყო  კლინიკის ცალკეული კომპონენტების 452 842.48 ლარის ღირებულების სარეაბილიტაციო სამუშაოები. სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში, ამავე კლინიკის ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის თანამშრომელმა და "ნიუმშენის" დირექტორებმა დაამზადეს და "საუნივერსიტეტო კლინიკას" წარუდგინეს ყალბი მიღება-ჩაბარებისა და შესრულებული სამუშაოების აქტები, რომლითაც  თითქოს შპს "ნიუმშენმა" შეასრულა 452 842.48 ლარის სამუშაოები, რის საფუძველზეც კომპანიას 362 273.67 ლარი ჩაერიცხა. 

რეალურად, გამოძიების ფარგლებში ჩატარებული საინჟინრო-სამშენებლო ექსპერტიზის დასკვნის შედეგად დადგინდა, რომ შესრულებული სამუშაოების ღირებულება შეადგენდა მხოლოდ 284 241.65 ლარს. შესაბამისად, შესრულებული სამუშაოების აქტებში დაფიქსირებულ თანხებსა და რეალურად შესრულებული სამუშაოების თანხებს შორის სხვაობამ 168 600.83 ლარი შეადგინა, საიდანაც ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის თანამშრომელი და შპს "ნიუმშენის" დირექტორები დაეუფლნენ სახელმწიფო კომპანიის კუთვნილ 78 032.02 ლარს და სცადეს დარჩენილი 90 568.81 ლარის დაუფლებაც". - წერია განცხადებაში.

რესპუბლიკური საავადმყოფოს ყოფილ ფინანსურ დირექტორს და ამავე კლინიკის ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის ყოფილ თანამშრომელს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და მე-3 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მოტყუებით დაუფლება), სსკ-ის 19, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და მე-3 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მოტყუებით დაუფლების მცდელობა) და სსკ-ის 341-ე მუხლით (სამსახურებრივი სიყალბე) მუხლებით წარედგინათ. ასევე, კლინიკის ყოფილ ფინანსურ დირექტორს ბრალდება წარედგინა სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება). 

ინდივიდუალურ მეწარმეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით, (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მოტყუებით დაუფლება), სსკ-ის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მოტყუებით დაუფლების მცდელობა) და სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენების მიზნით დამზადება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის წარედგინა. 

სამივე ბრალდებულის მიმართ წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

"პროკურატურამ ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით - პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა დადგენისა და გამოვლენის მიზნით". - წერია განცხადებაში. 

კომენტარები