რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთი ირანის დახმარებით აშენებულ ქარხანაში წარმოებულ დრონებს ფრონტზე აგზავნის

რუსი სამხედრო ალბატროსის M5 დრონს უშვებს
Albatros/YouTube

ირანის დახმარებით რუსეთის თათარსტანის პროვინციაში აშენებულ ახალ ქარხანაში წარმოებულ დრონებს მოსკოვი უკრაინის ფრონტზე უკვე იყენებს

კომპანია ალბატროსმა, რომელიც რუსეთ-ირანის ახლო პარტნიორობის შედეგად აშენებულ ქარხანაში ოპერირებს, რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთვის სავარაუდოდ უკვე დაამზადა სადაზვერვო დრონები, რომელთაგან დაახლოებით 50 ერთეული აღმოსავლეთ უკრაინაში გააგზავნეს.

გასულ თვეში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს როგორ უშვებენ რუსი სამხედროები სადაზვერვო დრონს, რომელსაც "ალბატროსის" სახელით მოიხსენიებენ. კომპანია ალბატროსმა რუსული სახელმწიფო მედიისთვის მიცემულ კომენტარში კი თქვა, რომ სამინისტროს უკვე 50 ერთეული M5 ტიპის დრონი მიაწოდეს. ვიდეოში ნაჩვენები დრონები და ალბატროსის მიერ ალაბუგას ქარხანაში წარმოებული დრონები ერთმანეთის იდენტურია.

თეთრმა სახლმა რუსეთის თათარსტანის პროვინციაში მდებარე ალაბუგას სპეციალურ ეკონომიკურ ზონაში ახალი ქარხნის აშენების შესახებ ინფორმაცია ივნისის დასაწყისში გაავრცელა და სატელიტური ფოტოებიც გამოაქვეყნა.

პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციამ გასული წლის დეკემბერში საჯაროდ გამოთქვა ვარაუდი, რომ შემდგომში იარაღის უკრაინის ომში გამოსაყენებლად თეირანი და მოსკოვი რუსეთში დრონების წარმოების ხაზის აწყობას აპირებდნენ.

კომენტარები