ავღანეთი

ქაბულსა და სხვა პროვინციებში ქალების ყველა სილამაზის სალონი უნდა აიკრძალოს – თალიბანი

ბურქით შემოსილი ავღანელი ქალები სხედან სილამაზის სალონის წინ. ჯალალაბადი, ავღანეთი. 2021 წლის 13 დეკემბერი
Wakil Kohsar/AFP/Getty Images

ავღანეთის ხელისუფლებაში მყოფმა თალიბებმა ქვეყანაში სილამაზის სალონების აკრძალვის ბრძანება გასცეს. 

სათნოების გავრცელებისა და ცოდვის აღკვეთის სამინისტროს სპიკერმა CNN-თან დაადასტურა, რომ ბრძანება 24 ივნისს გასცეს, ხოლო მისი შესრულება სალონებს 27 ივლისამდე მოეთხოვებათ. 

"ქაბულსა და სხვა პროვინციებში ქალების ყველა სილამაზის სალონი დაუყოვნებლივ უნდა აიკრძალოს და დაემორჩილონ ჩვენს ბრძანებას. დამრღვევებს სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ". - ნათქვამია თალიბანის განცხადებაში. 

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ არაერთხელ დაგმო თალიბანის მიერ ქალებისთვის აქამდე დაწესებული შეზღუდვები, მათ შორის, მეექვსე კლასის ზემოთ განათლების მიღების, მთავრობაში და კერძო სექტორში მუშაობის, პარკებში სეირნობის და სპორტული დარბაზების გამოყენების აკრძალვები.

ავღანეთში ქალებისთვის დასაშვებ საქმიანობად საავადმყოფოებში ექთნად ან ექიმად მუშაობა ითვლება. როგორც Bloomberg-ი წერს, შეზღუდვები ქალებს აიძულებთ, ფარულად ვიზაჟისტად ან მასწავლებლად სახლებიდან იმუშაონ. 

"თალიბანი ქალებს ადამიანებად კი არ თვლის, არამედ ისე უყურებს როგორც საქონელს, რომელსაც უნდა ფლობდეს და ჩაგრავდეს. [სილამაზის სალონების აკრძალვა] გავლენას იქონიებს ათასობით ვიზაჟისტზე და გამოიწვევს ასობით სილამაზის სალონის დახურვას". - ამბობს ჯამილა აფგანი, ავღანელი ქალთა უფლებების აქტივისტი, რომელიც ავღანეთიდან გაიქცა და ახლა თურქეთში ცხოვრობს.

კომენტარები