სამწუხაროა, რომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ თავის განცხადებაში, ფაქტობრივად, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა სტრასბურგის გადაწყვეტილება. ეს უპირველეს ყოვლისა საზიანოა თავად უკრაინისთვის. უკრაინას დღეს რაც ყველაზე ნაკლებად სჭირდება არის ის, რომ ეჭვქვეშ დააყენოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და ზოგადად სხვა საერთაშორისო ინსტიტუტების გადაწყვეტილებები, ვინაიდან უკრაინას გარდა სამხედრო ომისა, მოსაგები აქვს სამართლებრივი ომი და ბრძოლა რუსეთთან. თუკი თავად, მისი პრეზიდენტი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს სტრასბურგის გადაწყვეტილებებს, ეს არ მიეშველება უკრაინას ამ ბრძოლაში. ეს გადაწყვეტილება თავად უკრაინისთვის არის საზიანო, მეორე საზიანოა ურთიერთობისთვისაც.
ფაქტია, ვიღაც ცდილობს ერთმანეთს გადაჰკიდოს უკრაინა და საქართველო და ფაქტია, რომ ამ ჯერზე, ეს ვიღაც არ არის რუსეთი.[...] ჩვენ ვხედავთ ვინ ხარობს ამით. ძირითადად ის ადამიანები, რომლებიც ბევრს საუბრობენ უკრაინას და საქართველოს მეგობრობის მნიშვნელობაზე, ზუსტად ის ხალხია დღეს გახარებული. ვნახეთ ოპოზიცია, რომელსაც უხარია ეს გადაწყვეტილება და ვნახეთ უცხოელი აქტორებიც, რომლებსაც ეს უხარიათ.
ერთადერთი, რაზეც შეიძლება გაიმართოს კონსულტაციები - როდის გადმოსცემს უკრაინა საქართველოს ზურაბ ადეიშვილს, რომელიც დღეს არის უკრაინის გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი.