რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთის კრასნოდარის ოლქში სამხედრო აეროდრომის მახლობლად მძლავრი აფეთქება მოხდა

აფეთქების შედეგად წარმოქმნილი კრატერი
BAZA

რუსეთში, კრასნოდარის მხარეში, პრიმორსკო-ახტარსკში მდებარე აეროდრომის მახლობლად მძლავრი აფეთქება მოხდა.

რუსულ მედიებთან დასახლებული პუნქტის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ ხმამაღალი აფეთქება ადგილობრივი დროით დაახლოებით 16:00-ზე გაიგეს, რის შემდეგაც კვამლის დიდი მასა დაინახეს.

რუსული ტელეგრამ-არხი BAZA ავრცელებს ფოტოს აფეთქების ადგილიდან. მათივე ინფორმაციით, აფეთქების შედეგად წარმოქმნილი კრატერის დიამეტრი 10 მეტრი, სიღრმე კი – 4 მეტრია. როგორც BAZA წერს, აფეთქება აეროდრომიდან 200 მეტრის დაშორებით მოხდა.

კიდევ ერთი რუსული ტელეგრამ-არხი Mash-ი ირწმუნება, რომ პრიმორსკო-ახტარსკში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო რაკეტა, რომლის სამიზნეც სამხედრო აეროდრომის ტერიტორიაზე მდებარე აალებადი ნივთიერებების საწყობი იყო. ეს ინფორმაცია ჯერჯერობით დადასტურებული არაა.

რეგიონის გუბერნატორი, ვენიამინ კონდრატიოვი ირწმუნება, რომ შემთხვევას მსხვერპლი და დაშავებულები არ მოჰყოლია. მისივე თქმით, მომხდარის გამომწვევი მიზეზის დადგენას ცდილობენ.

კომენტარები