პირდაპირი ფრენები რუსეთთან

უკრაინამ Georgian Airways-სა და თამაზ გაიაშვილს სანქციები დაუწესა

უკრაინამ  ქართულ ავიაკომპანია Georgian Airways-ს 10 წლიანი სანქციები დაუწესა. განკარგულებას ხელი ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოაწერა. 

შეზღუდვები ითვალისწინებს აქტივების გაყინვას, სავაჭრო ოპერაციების შეწყვეტას, უკრაინის ტერიტორიაზე ფრენების და ტრანზიტის შეწყვეტას, ეკონომიკური და ფინანსური ვალდებულებების შესრულების შეჩერებას, ლიცენზიებისა და სხვა ნებართვების გაუქმებას.

უკრაინამ პერსონალურად დაასანქცირა ავაიაკომპანიის დამფუძნებელი, თამაზ გაიაშვილიც.

ახალი სანქციების პაკეტი შეეხო 190-ზე მეტ ფიზიკურ და 290 იურიდიულ პირს, მათ შორის რუსული ქარხნებსა და კომპანიებს.


ავიაკომპანია Georgian Airways ერთ-ერთი პირველი კომპანია იყო, რომელიც რუსეთთან ფრენების ნებართვას ითხოვდა. 2023 წლის 20 მაისიდან თბილისი - მოსკოვი - თბილისის მიმართულებით რეგულარულ ფრენებს ასრულებს. 

ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვები მოეხსნა და 2019 წლის განკარგულება ძალადაკარგულად გამოცხადდა. საქართველოს მოქალაქეებისთვის გაუქმდა სავიზო რეჟიმიც.


გაიაშვილი რუსეთთან ფრენების აღდგენის მომხრე იყო. გაიაშვილის თქმით, იგი სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და პირდაპირი ფრენების აღდგენას მიესალმებოდა. 

"ძალიან გამიხარდა, რომ ჩვენი მთავრობაც პოზიტიურად არის განწყობილი. ბოლოს და ბოლოს ეროვნული მთავრობაა, რომელსაც ეროვნული ინტერესები აქვს

[...] რა საკვირველია, ჩვენ დაინტერესებული ვართ. ჯერ ერთი ეს ჩვენს ხალხს დაეხმარება. ვინმემ თქვს, თუ შეიძლება რუსეთში წასვლა ველოსიპედით, მანქანით და ტრაქტორით, თვითმფრინავით რატომ არ შეიძლება? თუ დემოკრატიაა, მივცეთ ხალხს არჩევანი". - ამბობდა გაიაშვილი.  

კომენტარები