რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აშშ უკრაინისთვის ATACMS-ების გადაცემის დამტკიცებასთან ახლოსაა – WSJ

WHITE SANDS MISSILE RANGE PUBLIC AFFAIRS

The Wall Street Journal-ი ამერიკელ და ევროპელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი სარაკეტო სისტემების, ATACMS-ების გადაცემის დამტკიცებასთან ახლოსაა.

საარმიო ტაქტიკურ სარაკეტო სისტემას (ATACMS) მოქმედების 300 კილომეტრიანი რადიუსი აქვს, რაც უკრაინას ფრონტის სიღრმეში არსებული რუსული სამიზნეების განადგურების შესაძლებლობას მისცემს.

WSJ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ საკითხი გადაწყვეტას უმაღლეს დონეზე ელოდება და აშშ-ს ოფიციალური პირების შეშფოთების გამო, რომ უკრაინამ შესაძლოა შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები რუსეთის ტერიტორიაზე იერიშის მისატანად გამოიყენოს, რაც ომის მასშტაბებს გაზრდის, პრეზიდენტ ბაიდენს ATACMS-ების კიევისთვის გადაცემისთვის ხელი ჯერ არ მოუწერია.

თუმცა, ბოლო კვირებში განვითარებული მოვლენების, მათ შორის რუსეთში ვაგნერის მიერ მოწყობილი სამხედრო არეულობის შემდეგ, ამერიკელმა და ევროპელმა მაღალჩინოსნებმა აღიარეს, რომ ახლა შესაძლოა გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმის დრო იყოს. უკრაინის საბრძოლო შესაძლებლობების გაძლიერების აუცილებლობა დაინახეს თეთრ სახლშიც.

უკრაინის თავდაცვის მაღალჩინოსნებმა WSJ-სთან საუბარში აღნიშნეს, რომ ATACMS-ების მიწოდებასთან დაკავშირებით დადებით სიგნალებს იღებენ. მათივე თქმით, შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები საჭიროა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმზე დასარტყმელად. ნახევარკუნძულს რუსები ირანული კამიკაძე დრონების ბაზად იყენებენ.

კომენტარები