პრიგოჟინის ამბოხება

პუტინი მოკავშირეებს – ბელარუსის, ყაზახეთისა და უზბეკეთის ლიდერებს ესაუბრა

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი მოკავშირეებს - ბელარუსის, ყაზახეთისა და უზბეკეთის ლიდერებს ესაუბრა

ბელარუსული მედიის ცნობით, პუტინსა და ალექსანდრ ლუკაშენკოს შორის მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საუბარი შედგა. 

"რუსეთის პრეზიდენტმა დღეს დილით დაურეკა ბელარუსის პრეზიდენტსა და მათ შორის სატელეფონო საუბარი  შედგა [..] ვლადიმირ პუტინმა ბელარუს კოლეგას რუსეთში არსებული ვითარება გააცნო". - ვკითხულობთ განცხადებაში.

კრემლის ცნობით, პუტინი ასევე ესაუბრა ყაზახეთის პრეზიდენტს ყასიმ-ჟომართ თოყაევსა და უზბეკეთის პრეზიდენტს შავქათ მირზიოევს.

სატელეფონო საუბარში ყაზახეთის პრეზიდენტმა პუტინს უთხრა, რომ არეულობა ქვეყნის შიდა საქმეა

როგორც ყაზახეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში წერია, პუტინმა თოყაევს ქვეყანაში არსებული სიტუაციის შესახებ აცნობა. ამავე ცნობის მიხედვით, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა აღნიშნა, რომ მიმდინარე მოვლენები რუსეთის საშინაო საქმეა და კონსტიტუციური წესრიგისა და კანონის უზენაესობის დამყარება წესრიგის შენარჩუნების აუცილებელი წინაპირობაა. 

ცნობაში ნათქვამია, რომ პუტინმა ყაზახ კოლეგას სიტუაციის გაგებისთვის მადლობა გადაუხადა.

ცნობისთვის, გასული წლის დასაწყისში, როდესაც ყაზახეთში დაწყებულ საპროტესტო აქციებს ქალაქ ალმატიში არეულობები მოჰყვა, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციამ (ОДКБ) რუსეთის ხელმძღვანელობით სპეციალური მისია გაგზავნა. 


23 ივნისს პრიგოჟინმა თქვა, რომ ვაგნერის ბანაკებზე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სარაკეტო იერიში მიიტანა და საპასუხო მოქმედებებისთვის ემზადებოდნენ. ამის შემდეგ, მან განაცხადა, რომ საზღვარი გადაკვეთეს და როსტოვში შედიოდნენ. ის ასევე ირწმუნებოდა, რომ თავდაცვის სამინისტრომ თვითმფრინავებით ვაგნერის კოლონებზე დარტყმის ბრძანება გასცეს, რაზეც პილოტებმა უარი თქვეს.

"პუტინს ატყუებენ, ომი ოლიგარქებს სურდათ, უკან ვიხევთ" – რაზე საუბრობდა პრიგოჟინი არეულობის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე

"ხელს ვუშლით საკუთარი ტრა*ი გადაარჩინონ დამნაშავეებმა, რომლებმაც 100 000-მდე რუსი ჯარისკაცი გაანადგურეს, [ვალერი] გერასიმოვსა და [სერგეი] შოიგუს". – თქვა ევგენი პრიგოჟინმა.

პრიგოჟინის თქმით, თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ სპეციალურად ჩავიდა როსტოვში, რათა კსკ ვაგნერის განადგურების ოპერაცია ჩაეტარებინა. მისივე მტკიცებით, მინისტრი ქალაქიდან გაიქცა. პრიგოჟინის თქმით, მისი მოქმედებები არა სამხედრო გადატრიალება, არამედ "სამართლიანობის მარშია".

პრიგოჟინი ყველაფრის განადგურებით იმუქრება. ამ დრომდე, მისი მტკიცებით, 3 ვერტმფრენი ჩამოაგდეს, მათ შორის ერთ-ერთი მოსკოვის ტრასაზე.

ამჟამად არსებული ინფორმაციით, ვაგნერის ძალები აკონტროლებენ დონის როსტოვისა და ვორონეჟის ადმინისტრაციულ შენობებს.

მაისში ბახმუტის აღების შემდეგ, ევგენი პრიგოჟინმა საკუთარი ძალები ზურგში, ბანაკებში გადაიყვანა და თქვა, რომ მაშინ დაბრუნდებოდნენ, როცა "სამშობლოს დასჭირდებოდნენ". უკვე რამდენიმე თვეა, რაც ვაგნერსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შორის დაძაბული ვითარებაა. პრიგოჟინი ხშირად ლანძღავდა თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და გენშტაბის მეთაურს, ვალერი გერასიმოვს. ის ირწმუნებოდა, რომ თავდაცვის უწყებას ვაგნერის განადგურება სურდა და ეს ჯერ კიდევ 2018 წელს, სირიაშიც კი სცადეს, როცა კერძო სამხედრო კომპანია ამერიკულ ძალებს დაუპირისპირდა და ბევრი მებრძოლი დაკარგა.

კომენტარები