აშშ-ის საელჩო ეხმაურება უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, მთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას პატიმრობაში დატოვების შესახებ.
აშშ-ის საელჩო ღრმა შეშფოთებას გამოხატავს სასამართლოს გადაწყვეტილების გამო და აღნიშნავს, რომ მართლმსაჯულების შერჩევითად და პოლიტიზირებულად აღქმაც კი საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მომავალს.
"აშშ-ის საელჩო კიდევ ერთხელ გამოხატავს ღრმა შეშფოთებას ნიკა გვარამიას პატიმრობაში დატოვების გამო. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თავიდანვე წამოჭრა კითხვები და გამოხატა შეშფოთება ამ საქმეზე, მათ შორის დროსა და ბრალდების შინაარსთან დაკავშირებით, აგრეთვე სასჯელის შესახებ. არაერთმა საერთაშორისო და ქართველმა უფლებადამცველმა გამოხატა ამგვარი შეშფოთება. ქმედითი დემოკრატია ეფუძნება მედიის თავისუფლების დაცვასა და პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი დევნის აღკვეთას. მართლმსაჯულების შერჩევითად და პოლიტიზირებულად აღქმაც კი რისკის ქვეშ აყენებს საქართველოს ევროპულ მომავალს და ძირს უთხრის მართლმსაჯულების უზენაესობას, კონსტიტუციით დაცულ ადამიანის უფლებებსა და თავად დემოკრატიას". – წერია განცხადებაში.
19 ივნისს, უზენაესმა სასამართლომ მთავარი არხის დირექტორი, ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა. ინფორმაციას ტელევიზია ავრცელებს.
მათი ცნობით, სასამართლომ დაუშვებლად ცნო ნიკა გვარამიასა და კახაბერ დამენიას ადვოკატების, ასევე პროკურატურის საკასაციო საჩივრები, რითაც ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 2 ნოემბრის განაჩენი.
2022 წლის 16 მაისს, წევრობის კანდიდატის სტატუსზე ევროკავშირის გადაწყვეტილებამდე ერთი თვით ადრე, მთავარი არხის დირექტორს, ნიკა გვარამიას თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ 50 000-ლარიანი ჯარიმა და 3 წლის და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასჯელის შთანთქმის პრინციპით გვარამიას ჯარიმა მოეხსნა და საბოლოო სასჯელად პატიმრობა დარჩა. მოსამართლის განკარგულებით, მთავარი არხის დირექტორი სასამართლო დარბაზში დააკავეს.
ნიკა გვარამია რუსთავის 2-ის საქმეზე რამდენიმე მუხლით იყო ბრალდებული (ყალბი დოკუმენტაციის დამზადება, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია, კომერციული მოსყიდვა და ქონების გაფლანგვა). მოსამართლემ პირველ სამ ბრალდებაში გაამართლა, გაფლანგვის მუხლი კი, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით გადაუკვალიფიცირა.