კრიმინალი

სახლში შემოვიდა, აბანოში მგუდავდა, მამას 30-ზე მეტი ჭრილობა აქვს – მამა-შვილს თავს დაესხნენ

ქრისტი მიქელაძე

18 ივნისს ვარკეთილში მამა-შვილს მეზობელი თავს დაესხა და ცივი იარაღით ორივეს მრავლობითი ჭრილობები მიაყენა.  

ძალადობისა და დაზიანებების ამსახველი ფოტოები და ვიდეო Facebook-ზე დაზარალებულმა, ქრისტი მიქელაძემ გაავრცელა. როგორც ქალი ყვება, თავად სასტიკად ნაცემია და 4 ჭრილობა აქვს, მამამისს კი იარაღით თავში აქვს მრავალი ჭრილობა მიყენებული.  

მინდა, ყველა იცნობდეთ ამ მკვლელს. 18 ივნისს, შუაღამისას, როდესაც ვბანაობდი და მამა იყო მაღაზიაში გასული, სახლში შემოვიდა მეზობელი, 25 წლის რომან გიკაშვილი. მალევე გავიგე მამას შემოსვლაც. ადამიანმა, რომლის სახელიც ეხლა გავიგე და მხოლოდ ვესალმებოდი, სცადა ჩემი და მამას მოკვლა. მამას 30-ზე მეტი ჭრილობა აქვს თავზე. მე რადგან ბევრჯერ მოვიშორე დანა, მაქვს მხოლოდ 4 ჭრილობა და ვარ სასტიკად ნაცემი. ყველანაირად სცადა ჩემი მოკვლა. აბანოში მგუდავდა. 3-ჯერ გავაგდებინე დანა, ყელი რომ უნდა გამოეჭრა. დანა რომ გავაგდებინე, თავში და სახეზე გამეტებით მირტყამდა ყველაფერს. ბოლოს სახლს წაუკიდა ცეცხლი, მოუშვა გაზი და გაიქცა. რა თქმა უნდა, დაიჭირეს. ჩვენ სასწაულებრივად გადავრჩით.  

ქრისტი მიქელაძის ინფორმაციით, მისი მამის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ქალმა არ იცის, თუ რა იყო დანაშაულის მოტივი. 

ტაბულა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა - უწყებაში გვითხრეს, რომ მომხდარზე 1 ადამიანია დაკავებული და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. 

კომენტარები