რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინული მხარე ირწმუნება, რომ კახოვკის ჰესის აფეთქებაზე კიდევ ერთი მტკიცებულება მოიპოვეს

Ukrainian military via AP

AP News-ის მიერ ვრცელდება უკრაინული დრონით გადაღებული ფოტო, რომელზეც კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის სახურავზე ასაფეთქებლებით დატვირთული მანქანა არის ასახული. ფოტო 28 მაისს, აფეთქებამდე ცოტა ხნით ადრეა გადაღებული. უკრაინული მხარის მტკიცებით, ეს კადრი არის კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ აფეთქების უკან რუსეთი დგას. 

ფოტოზე ასახულია თეთრი ავტომობილი, რომელსაც სახურავი მოხსნილი აქვს. მანქანაში ბიდონებია ჩალაგებული და ერთ-ერთ მათგანზე სავარაუდოდ ნაღმია მიმაგრებული. ბიდონიდან გამომავალი კაბელი მდინარის ნაპირზე გადის. ეს ტერიტორია რუსი სამხედროების მიერ არის დაკავებული. 
 
როგორც უკრაინის სპეცდანიშნულების ძალების წარმომადგენელმა AP News-თან ინტერვიუში აღნიშნა, მანქანა ამ ადგილას გაჩერებული იმ მიზნით იყო, რომ უკრაინელი სამხედროების ამ მიმართულებით გადაადგილება ყველანაირად შეეზღუდა, რათა ჰესთან დაკავშირებით ჩაფიქრებული გეგმა სისრულეში მოეყვანათ. 

AP News-ი აღნიშნულთან დაკავშირებით რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაუკავშირდა, თუმცა მათგან პასუხი ვერ მიიღო. 


მანამდე უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ავრცელებდა აუდიოჩანაწერს, რომელიც მათი ინფორმაციით, მტკიცებულებაა იმისა, რომ კახოვკის ჰიდროელექტროსადგური რუსულმა დივერსიულმა ჯგუფმა ააფეთქა. 

სატელეფონო საუბარში, რომელიც ერთწუთნახევარი გრძელდება, ორი პირი მონაწილეობს. ისინი კატასტროფის შედეგებსა და მის გამომწვევ მიზეზებს განიხილავენ. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ჩანაწერი Telegram-ზე გამოაქვეყნა. მათი ცნობით, საუბრის ერთ-ერთი მონაწილე სამხედროა. 

"მათ (უკრაინელებს) არ აუფეთქებიათ. ჩვენი დივერსიული ჯგუფი იყო. მათ სურდათ [ხალხი] შეეშინებინათ. გეგმის მიხედვით არ წავიდა საქმე. იმაზე მეტი მოუვიდათ, ვიდრე აპირებდნენ". - ამბობს საუბარში ის. 


6 ივნისს კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი დაინგრა, რასაც წყალდიდობა მოჰყვა. უკრაინელების განცხადებით, ნგრევა რუსი ოკუპანტების მიერ კაშხლის აფეთქებას მოჰყვა. თუმცა, მოსკოვის მტკიცებით, ჰესზე თავდასხმა უკრაინელებმა მოაწყვეს.

აღსანიშნავია, რომ გავრცელებული კადრების მიხედვით, კაშხალთან წყალქვეშა აფეთქება მოხდა და ის სარაკეტო იერიშის შედეგად არ დანგრეულა.

კაშხლის ნგრევას უკრაინული დასახლებების დატბორვა მოჰყვა. 

კომენტარები