რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კიევი ირწმუნება, რომ რუსების მიერ კახოვკის ჰესის აფეთქების მტკიცებულება აქვს

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს აუდიოჩანაწერს, რომელიც მათი ინფორმაციით, მტკიცებულებაა იმისა, რომ კახოვკის ჰიდროელექტროსადგური რუსულმა დივერსიულმა ჯგუფმა ააფეთქა. 

სატელეფონო საუბარში, რომელიც ერთწუთნახევარი გრძელდება, ორი პირი მონაწილეობს. ისინი კატასტროფის შედეგებსა და მის გამომწვევ მიზეზებს განიხილავენ. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ჩანაწერი Telegram-ზე გამოაქვეყნა. მათი ცნობით, საუბრის ერთ-ერთი მონაწილე სამხედროა. 

"მათ (უკრაინელებს) არ აუფეთქებიათ. ჩვენი დივერსიული ჯგუფი იყო. მათ სურდათ [ხალხი] შეეშინებინათ. გეგმის მიხედვით არ წავიდა საქმე. იმაზე მეტი მოუვიდათ, ვიდრე აპირებდნენ". - ამბობს საუბარში ის. 

- გუშინ ახალ ამბებში Telegram-არხზე ვიდეო იყო ატვირთული. უნიფორმაში გამოწყობილი ჯარისკაცი იდგა, სახე არ უჩანდა. ამბობს, რომ წყალდიდობა არაა და ხალხი ჩვეულებრივ აგრძელებს ცხოვრებას. მის უკან ფანჯარაა და იქიდან მუხლებამდე წყალი ჩანს.

- სასაცილოა. იმის გამო ჰიდროელექტროსადგური რომ დაინგრა?

- კი. მთავარი პრობლემა ისაა, რომ ჰესი ატომურ რეაქტორს აგრილებდა.

- არა უშავს. თვითონ დამართეს საკუთარ თავს. აფეთქდება და მაგით დამთავრდება.

- ე.ი ჩვენმა ბიჭებმა ქნეს. იმათები არ იყვნენ, ჩვენ ვიყავით. 

გამომცემლობა Reuters-ი წერს, რომ ჩანაწერის ავთენტურობის გადამოწმება დამოუკიდებლად ვერ მოახერხა. 

აღნიშნულთან დაკავშირებით რუსულ მხარეს კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია. 


6 ივნისს კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი დაინგრა, რასაც წყალდიდობა მოჰყვა. უკრაინელების განცხადებით, ნგრევა რუსი ოკუპანტების მიერ კაშხლის აფეთქებას მოჰყვა. თუმცა, მოსკოვის მტკიცებით, ჰესზე თავდასხმა უკრაინელებმა მოაწყვეს.

აღსანიშნავია, რომ გავრცელებული კადრების მიხედვით, კაშხალთან წყალქვეშა აფეთქება მოხდა და ის სარაკეტო იერიშის შედეგად არ დანგრეულა.

კაშხლის ნგრევას უკრაინული დასახლებების დატბორვა მოჰყვა. 

კომენტარები