ქართული ოცნება

კობახიძე: აქტივისტებმა რამდენიმე გირჩელი გააძევეს – თსუ-ში პოლიტიკის შეტანა მიუღებელია

ქართული ოცნების თავმდჯომარე ირაკლი კობახიძე თსუ-ში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და თქვა, რომ ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო საქართველოში ყველაზე დიდი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციაა და წევრებს უფლება აქვთ დაუპირისპირდნენ "იმ აღვირახსნილ ქმედებებს, რომელსაც გეგმავს ფორმულა და კეზერაშვილი".

ამასთან კობახიძე ამბობს, რომ უნივერსიტეტში პოლიტიკის შეტანა კატეგორიულად მიუღებელია. 

"არავითარი ფორმალური და არაფორმალური დაცვის წევრები იქ არ ყოფილან. რაც შეეხება ჩემს პირად დაცვას, სულ 2 ადამიანზეა საუბარი. რაც შეეხება სხვა ადამიანებს, რომლებიც იქ იყვნენ, ესენი იყვნენ სამოქალაქო აქტივისტები, რომლებმაც რამდენიმე გირჩელი გააძევეს თსუ-ს მეორე კორპუსიდან. შეიძლება იყვნენ ჩვენი პარტიის წარმომადგენლები, მე ერთი რამ ასევე მინდა გითხრათ. ზოგადად, საქართველოში ყველაზე დიდი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია არის სწორედ ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო, ჩვენი პარტია, რომელიც აერთიანებს 42 000 წევრს. საკუთარ თავს სამოქალაქო საზოგადოებას არქმევენ საერთაშორისო გამჭვირვალობა თავისი 100 კაციანი სტაფით, ISFED და ასე შემდეგ. ეს არ არის სამოქალაქო საზოგადოება, ყველაზე მსხვილი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია საქართველოში არის ჩვენი პარტია თავისი 42 000 წევრით. სამოქალაქო საზოგადოების წევრებს აქვთ უფლება დაუპირისპირდნენ იმ აღვირახსნილ ქმედებებს, რომელსაც გეგმავს ფორმულა, კეზერაშვილი.

[...]პოლიტიკის შეტანა უნივერსიტეტში ეს არის კატეგორიულად მიუღებელი. ჩვენ ჩავაბარეთ ეს პრაქტიკა წარსულს 2012 წლამდე. თსუ არ არის პოლიტიკური აქტივობების ადგილი, თსუ-ში უნდა გაგრძელდეს სასწავლო პროცესი ყოველგვარი პოლიტიკის გარეშე, არავის არ მივცემთ თსუ-ში პოლიტიკის შეტანის საშუალებას, ეს პრაქტიკა ჩაბარდა წარსულს".- ამბობს კობახიძე. 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ლექციის პარალელურად სტუდენტებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

როგორც სტუდენტები ამბობენ, საპროტესტო ბანერების გაშლა სურდათ, როდესაც აუდიტორიიდან 20-მდე ადამიანი გამოვიდა და მათ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მათივე ინფორმაციით, რამდენიმე სტუდენტი კიბიდან დააგორეს.  

თსუ-ში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ ერთ-ერთი სტუდენტი კლინიკაში გადაიყვანეს, რომელმაც მოგვიანებით თქვა,რომ მასთან პალატაში სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული 2 პირი მივიდა და მათგან ერთი, რომელიც დაემუქრა, რომ ესროდა, ნასვამი იყო.

კლინიკაში მისული პირი პოლიციელებმა მანქანაში ჩასვეს და წაიყვანეს - როგორც მოგვიანებით გაირკვა, ის ადგილს განარიდეს. 

კლინიკაში მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება პოლიციელზე თავდასხმის მუხლით დაიწყო.

10 ივნისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კობახიძეს  რუბლები დააყარეს. საპასუხოდ, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ თქვა, რომ პერფორმანსის ორგანიზატორებს "ორიენტაცია აქვთ არეული". მისივე სიტყვებით, "საჭიროა, ბიჭებმა ცოლები მოიყვანონ, გოგოები კი დაქორწინდნენ". 

 

კომენტარები