რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დანია მზად არის უკრაინას F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლები გადასცეს

დანია მზად არის უკრაინას F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლები გადასცეს. იმისთვის, რომ ეს შესაძლებელი გახდეს, აშშ-ს თანხმობა იქნება საჭირო, რომელიც F-16-ების მწარმოებელია. ამის შესახებ დანიის თავდაცვის მინისტრმა, ტროელს ლუნდ პოულსენმა ისაუბრა. 

"ახლა, უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, უკრაინას ავიაგამანადგურებლები სჭირდება, რათა მათ ბრძოლაში გაიმარჯვონ. ეს დანიის F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლებსაც ეხება". - აღნიშნა პოულსენმა. 

დანია F-16-ის ტიპის 43 ავიაგამანადგურებელს ფლობს. მათგან 30 აქტიურ გამოყენებაშია. ახლო მომავალში დანია მათ F-35-ებით ჩანაცვლებას გეგმავს. 

ამასთან, დანიამ ნიდერლანდებთან ერთად უკრაინელი პილოტების F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების მართვაზე წვრთნის ინიციატივა გამოთქვა. წვრთნები დანიის ტერიტორიაზე ჩატარდება. 


გასულ კვირებში ცნობილი გახდა, რომ მომავალში უკრაინას ამერიკული წარმოების F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლებს გადასცემენ. ეს თავად უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა.

21 მაისს აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხაზი გაუსვა, რომ ამერიკა უკრაინელ პილოტებს მეოთხე თაობის დასავლური თვითმფრინავების, მათ შორის F-16-ების მართვის სწავლაში დაეხმარება. მან ასევე აღნიშნა, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაარწმუნა, რომ თვითმფრინავებს რუსეთის ტერიტორიაზე არ გამოიყენებენ.

აქამდე, რამდენიმე დღით ადრე დიდმა ბრიტანეთმა გამოაცხადა, რომ დაიწყეს მუშაობა საერთაშორისო კოალიციაზე, რომლის მიზანიც კიევისთვის F-16-ების გადაცემაა. ამ კოალიციაში შედიან დიდი ბრიტანეთი, ნიდერლანდები, ბელგია, დანია, აშშ და პორტუგალია.

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი NATO-ს ტერიტორიაზე იერიშებით იმუქრება, თუ უკრაინისთვის გადაცემულ ავიაგამანადგურებლებს მისიებზე ამ ტერიტორიებიდან ააფრენენ. ამის შესახებ მან პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე ისაუბრა.

პუტინის თქმით, უკრაინისთვის მომავალში გადასაცემი თვითმფრინავების ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ტერიტორიაზე განთავსება მათთვის ომში ჩათრევის სერიოზული საფრთხე იქნება.

კომენტარები