რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პუტინი NATO-ს ტერიტორიაზე იერიშებს არ გამორიცხავს, თუ უკრაინულ F-16-ებს აქ განათავსებენ

პუტინი 2023 წლის პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე
კრემლი

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი NATO-ს ტერიტორიაზე იერიშებით იმუქრება, თუ უკრაინისთვის გადაცემულ ავიაგამანადგურებლებს მისიებზე ამ ტერიტორიებიდან ააფრენენ. ამის შესახებ მან პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე ისაუბრა.

პუტინის თქმით, უკრაინისთვის მომავალში გადასაცემი თვითმფრინავების ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ტერიტორიაზე განთავსება მათთვის ომში ჩათრევის სერიოზული საფრთხე იქნება.

"ტანკები იწვის, რამდენიმე ტანკი განადგურებულია, მათ შორის Leopard-ებიც... ისინი იწვიან. ასევე დაიწვება F-16-ებიც. ეჭვი არ მეპარება... მაგრამ თუ განათავსებენ უკრაინის საზღვრებს გარეთ მყოფ საჰაერო ბაზებზე და საბრძოლო მოქმედებებში გამოიყენებენ, ჩვენ მოგვიწევს განვიხილოთ თუ როგორ და სად მივიტანოთ იერიშები იმ საშუალებებზე, რომლებიც ჩვენს წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში გამოიყენება. ეს ომში NATO-ს შემდგომი ჩათრევის სერიოზული საფრთხეა". – თქვა პუტინმა.

გასულ კვირებში ცნობილი გახდა, რომ მომავალში უკრაინას ამერიკული წარმოების F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლებს გადასცემენ. ეს თავად უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა.

21 მაისს აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხაზი გაუსვა, რომ ამერიკა უკრაინელ პილოტებს მეოთხე თაობის დასავლური თვითმფრინავების, მათ შორის F-16-ების მართვის სწავლაში დაეხმარება. მან ასევე აღნიშნა, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაარწმუნა, რომ თვითმფრინავებს რუსეთის ტერიტორიაზე არ გამოიყენებენ.

აქამდე, რამდენიმე დღით ადრე დიდმა ბრიტანეთმა გამოაცხადა, რომ დაიწყეს მუშაობა საერთაშორისო კოალიციაზე, რომლის მიზანიც კიევისთვის F-16-ების გადაცემაა. ამ კოალიციაში შედიან დიდი ბრიტანეთი, ნიდერლანდები, ბელგია, დანია, აშშ და პორტუგალია.

პარალელურად, მოსკოვი მუქარის შემცველ რიტორიკას აძლიერებს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრ გრუშკოს მტკიცებით, დასავლეთის გეგმა, გაგზავნოს უკრაინაში თანამედროვე ავიაგამანადგურებლები "უზარმაზარ რისკებს შეიცავს".

კომენტარები