რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

CIA უკრაინას აფრთხილებდა, ჩრდილოეთის ნაკადის გაზსადენი არ აეფეთქებინა – ნიდერლანდური მედია

ჩრდილოეთის ნაკადის გაზსადენი
ria.ru

ნიდერლანდური მედია NOS-ი იუწყება, რომ ნიდერლანდების სადაზვერვო სამსახურის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, CIA-მ უკრაინა ჩრდილოეთის ნაკადის გაზსადენების აფეთქებამდე რამდენიმე თვით ადრე გააფრთხილა, რომ ჩანაფიქრის აღსრულებაზე უარი ეთქვა. NOS-ის რეპორტაჟი გერმანულ მედიასთან თანამშრომლობის საფუძველზე მომზადდა. 

მედიის ინფორმაციით, ჩრდილოეთის ნაკადის გაზსადენზე თავდასხმასთან დაკავშირებით ნიდერლანდების სადაზვერვო სამსახურს წყარომ უკრაინიდან ჯერ კიდევ ივნისის თვეში აცნობა. გეგმის მიხედვით, თავდასხმა ივნისის შუა რიცხვებში უნდა მომხდარიყო. მცირე ჯგუფს, რომელსაც მისიის აღსრულება ჰქონდა დავალებული, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი ხელმძღვანელობდა. როგორც NOS-ი იუწყება, ნიდერლანდების სადაზვერვო სამსახურმა აღნიშნულის თაობაზე აშშ-ს მიმართა. თავის მხრივ CIA უკრაინას დაუკავშირდა. 

მანამდე The Washington Post-ის მიერ გამოქვეყნდა სტატია იმასთან დაკავშირებით, რომ აშშ ჩრდილოეთის ნაკადზე უკრაინის თავდასხმის გეგმებთან დაკავშირებით ინფორმაციას ფლობდა.

გამომცემლობა The Washington Post-ი ინტერნეტში გაჟონილ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერდა, რომ ჯერ კიდევ ჩრდილოეთის ნაკადის გაზსადენის აფეთქებამდე 3 თვით ადრე, ბაიდენის ადმინისტრაციამ, ინფორმატორისა და ახლო მოკავშირის მიერ მიწოდებული ცნობების საფუძველზე, თავდასხმასთან დაკავშირებით უკრაინული მხარის გეგმებზე იცოდა. გეგმა მოიცავდა წყალქვეშა მყვინთავების მცირე ჯგუფის მიერ ფარულ თავდასხმას. აღნიშნული ჯგუფი პირდაპირ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის წინაშე იყო პასუხისმგებელი. 

ჩრდილოეთის ნაკადის აფეთქებაზე სტატია Wall Street Journal-მაც გამოაქვეყნა. გამომცემლობის ცნობით, გერმანელი გამომძიებლები იკვლევენ მტკიცებულებებს ჩრდილოეთის ნაკადის აფეთქებაში პოლონეთის როლთან დაკავშირებით. სტატიის მიხედვით, არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ გაზსადენების აფეთქების ორგანიზატორები პოლონეთს ლოჯისტიკურ ბაზად იყენებდნენ. 

2022 წლის სექტემბერში გავრცელდა ცნობები ჩრდილოეთის ნაკადი 1-ისა და ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის აფეთქებების შესახებ. პირველი გაზსადენი ევროპას ბალტიის ზღვის გავლით რუსეთიდან ბუნებრივ აირს აწვდიდა. მეორე გაზსადენიც ამავე მიზნით აშენდა, თუმცა მისი ექსპლუატაციაში შესვლა ვერ მოესწრო. 

პარალელურად, გერმანულ მედიებში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერდნენ, რომ გემი, რომლიდანაც გაზსადენს თავს დაესხნენ, უკრაინელებისთვის ჰქონდათ მიქირავებული. როგორც გამოცემა Zeit-ი წერდა, მიუხედავად იმისა, რომ დივერსიის კვალი "უკრაინამდე მიდის", გერმანელი გამომძიებლები ვერ ახერხებდნენ გაერკვიათ, ვინ იდგა მისი ორგანიზების უკან. მათივე ინფორმაციით, დასავლელი სადაზვერვო სამსახურები არ გამორიცხავდნენ, რომ ეს იყო ოპერაცია ცრუ დროშის ქვეშ.

გაზსადენზე თავდასხმასთან დაკავშირებულ ინფორმაციას გამოეხმაურა ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი. მისი თქმით, აფეთქებასთან უკრაინა კავშირში არაა და არ აქვთ ინფორმაცია პროუკრაინელ ჯაშუშებზე, რომელთაც ამისი გაკეთება შეეძლოთ.

კომენტარები