რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

WP: აშშ ჩრდილოეთის ნაკადზე უკრაინის თავდასხმის გეგმებთან დაკავშირებით ინფორმაციას ფლობდა

გამომცემლობა The Washington Post-ი ინტერნეტში გაჟონილ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ ჯერ კიდევ ჩრდილოეთის ნაკადის გაზსადენის აფეთქებამდე 3 თვით ადრე, ბაიდენის ადმინისტრაციამ, ინფორმატორისა და ახლო მოკავშირის მიერ მიწოდებული ცნობების საფუძველზე, თავდასხმასთან დაკავშირებით უკრაინული მხარის გეგმებზე იცოდა. გეგმა მოიცავდა წყალქვეშა მყვინთავების მცირე ჯგუფის მიერ ფარულ თავდასხმას. აღნიშნული ჯგუფი პირდაპირ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის წინაშე იყო პასუხისმგებელი. 

როგორც The Washington Post-ი იუწყება, გეგმის შესახებ აქამდე უცნობი დეტალები ევროპულმა სადაზვერვო სამსახურმა ჯერ კიდევ 2022 წლის ივნისში გაუზიარა CIA-ს. გამომცემლობა ამტკიცებს, რომ მათში არის ხელჩასაჭიდი მტკიცებულებები იმისა, რომ უკრაინის მთავრობას გაზსადენის დაზიანებასთან პირდაპირი კავშირი აქვს. 

The Washington Post-ის ცნობით, ევროპული დაზვერვის ანგარიში ონლაინ პლატფორმა Discord-ზე გავრცელდა. ადრესატი ჯეკ თეიჰიერა იყო, რომელიც გამომცემლობის ვარაუდით, ეროვნული საჰაერო გვარდიის თანამშრომელია. The Washington Post-მა ანგარიშის ასლი სწორედ ამ უკანასკნელის ერთ-ერთი ონლაინ მეგობრისგან მოიპოვა. 

დაზვერვის ანგარიში უკრაინაში მყოფი პირისგან მიღებულ ცნობებს ეყრდნობოდა. წყაროს ინფორმაცია დაუყოვნებლივ ვერ დადასტურდა, თუმცა The Washington Post-ი სხვა ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით, რომლებიც საქმესთან კავშირში მყოფი მაღალჩინოსნები არიან, იუწყება, რომ CIA-მ აღნიშნული ინფორმაცია, როგორც გერმანიას, ისე სხვა ევროპის ქვეყნებს გასულ ივნისს გაუზიარა. 

გამომცემლობა ირწმუნება, რომ ანგარიში მოიცავს კონკრეტული ტიპის დეტალებს, როგორიცაა თავდასხმაში მონაწილეთა რაოდენობა და თავდასხმის მეთოდები. მის საფუძველზე ირკვევა, რომ თითქმის ერთი წლის განმავლობაში უკრაინის დასავლელ პარტნიორებს საფუძვლიანი ეჭვის საბაბი ჰქონდათ, რომ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა უკრაინისთვის დაეკისრებინათ. გასული თვეების განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ამ თავდასხმის ტიპსა და უკრაინის გეგმებს შორის მსგავსებები გამოიკვეთა, ეჭვის ფაქტორი კიდევ უფრო გაიზარდა. 

Discord-ზე გავრცელებული ანგარიშის ავთენტურობა გამომცემლობასთან სხვადასხვა ევროპული ქვეყნის მაღალჩინოსნებმა დაადასტურეს. The Washington Post-ი აღნიშნული პირების ანონიმურობის დაცვის მიზნით, კონკრეტული ქვეყნების ჩამონათვალს არ ასაჯაროებს. 

2022 წლის სექტემბერში გავრცელდა ცნობები ჩრდილოეთის ნაკადი 1-ისა და ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის აფეთქებების შესახებ. პირველი გაზსადენი ევროპას ბალტიის ზღვის გავლით რუსეთიდან ბუნებრივ აირს აწვდიდა. მეორე გაზსადენიც ამავე მიზნით აშენდა, თუმცა მისი ექსპლუატაციაში შესვლა ვერ მოესწრო. 

პარალელურად, გერმანულ მედიებში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერდნენ, რომ გემი, რომლიდანაც გაზსადენს თავს დაესხნენ, უკრაინელებისთვის ჰქონდათ მიქირავებული. როგორც გამოცემა Zeit-ი წერდა, მიუხედავად იმისა, რომ დივერსიის კვალი "უკრაინამდე მიდის", გერმანელი გამომძიებლები ვერ ახერხებდნენ გაერკვიათ, ვინ იდგა მისი ორგანიზების უკან. მათივე ინფორმაციით, დასავლელი სადაზვერვო სამსახურები არ გამორიცხავდნენ, რომ ეს იყო ოპერაცია ცრუ დროშის ქვეშ.

გაზსადენზე თავდასხმასთან დაკავშირებულ ინფორმაციას გამოეხმაურა ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი. მისი თქმით, აფეთქებასთან უკრაინა კავშირში არაა და არ აქვთ ინფორმაცია პროუკრაინელ ჯაშუშებზე, რომელთაც ამისი გაკეთება შეეძლოთ.

დაზვერვის ანგარიშში ნათქვამია, რომ უკრაინის სამხედრო ოპერაცია შეაჩერეს. თავდასხმა მოკავშირეების საზღვაო წვრთნების შემდგომ უნდა მომხდარიყო, რომელიც 4 ივნისიდან 17 ივნისამდე მიმდინარეობდა. შეყოვნების მიზეზები ახსნილი არაა. თუმცა გერმანული სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების ინფორმაციით,  სექტემბერში თავდასხმის დეტალები აღნიშნულ გეგმასთან, რომელიც ივნისში უნდა აღსრულებულიყო, თანხვედრაშია. მსგავსებების მიუხედავად, არის განმასხვავებელი ფაქტორებიც. ივნისში თავდასხმა ჩრდილოეთის ნაკად 2-ზე იერიშის მიტანას არ ითვალისწინებდა. განსხვავდება ტრანსპორტის დაქირავების ლოკაციაც. 

თავდაპირველად CIA-მ წყაროს ინფორმაცია ეჭვქვეშ დააყენა, ვინაიდან მას მანამდე სააგენტოსთან კავშირი არ ჰქონია და შესაბამისად, მის სანდოობას მარტივად ვერ გადაამოწმებდნენ.

CIA-ს, თეთრს სახლსა და უკრაინულ მხარეს აღნიშნულთან დაკავშირებით გამოცემასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. 

კომენტარები