რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

WSJ: გერმანია ჩრდილოეთის ნაკადის აფეთქებაში პოლონეთის შესაძლო კავშირებს იძიებს

ჩრდილოეთის ნაკადის გაზსადენი
ria.ru

Wall Street Journal-მა ჩრდილოეთის ნაკადის აფეთქებასთან დაკავშირებით სტატია გამოაქვეყნა. გამომცემლობის ცნობით, გერმანელი გამომძიებლები იკვლევენ მტკიცებულებებს ჩრდილოეთის ნაკადის აფეთქებაში პოლონეთის როლთან დაკავშირებით. სტატიის მიხედვით, არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ გაზსადენების აფეთქების ორგანიზატორები პოლონეთს ლოჯისტიკურ ბაზად იყენებდნენ. 

Wall Street Journal-ის ინფორმაციით, გერმანიის საგამოძიებო ორგანოებმა იახტის, სახელწოდებით - Andromeda მოგზაურობის სრული ტრაექტორია აღადგინეს. სტატიის თანახმად, სწორედ აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების დახმარებით უნდა მომხდარიყო მილსადენების აფეთქება. 

გამოცემა ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ გამოძიება ამჟამად წარიმართა იმ მიმართულებით, თუ რატომ არის იახტა დაქირავებული ვარშავაში დაფუძნებული ტურისტული სააგენტოს დახმარებით, რომელსაც როგორც ირკვევა, შესაძლოა კავშირები ჰქონდეს უკრაინული წარმოშობის კომპანიებთან. იკვეთება ამ კომპანიების უკრაინულ დაზვერვასთან სავარაუდო ბმაც. ეს ინფორმაცია Wall Street Journal-ის ცნობით, კიდევ უფრო ამყარებს მოსაზრებას, რომ ჩრდილოეთის ნაკადის აფეთქებასთან შესაძლოა უკრაინას ჰქონდეს კავშირი. ჩნდება კითხვები იმასთან დაკავშირებითაც, იყო თუ არა პოლონეთის ტერიტორია თავდასხმაში რაიმე ფორმით გამოყენებული. მედიის ინფორმაციით, გამოძიებამ ასევე აღმოაჩინა, რომ გერმანიის პორტში გაჩერებული იყო თეთრი ფურგონი პოლონური სანომრე ნიშნით. როგორც გამოძიებაში ჩართული წყაროები იუწყებიან, მისი საშუალებით ხდებოდა იახტის ეკიპაჟის მომარაგება. 

"დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ არცერთი პოლონური ინსტიტუცია ამ ამბავში ჩართული არ ყოფილა და ეს სახელმწიფოებრივი ქმედება არ არის. იგივე არ შემიძლია ვთქვა პოლონურ კომპანიებზე, ან ნებისმიერ დაწესებულებაზე, რომელიც შესაძლოა ამ ამბავში მონაწილეობდა". - თქვა Wall Street Journal-თან ინტერვიუში ერთ-ერთმა პოლონელმა მაღალჩინოსანმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. 

პოლონური მხარე გერმანიისგან დამატებით მტკიცებულებებს ითხოვს და აღნიშნულ მოსაზრებას უარყოფს. გერმანიის ფედერალურმა გენერალურმა პროკურორმა გამოძიებასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა. 

მანამდე The Washington Post-ის მიერ გამოქვეყნდა სტატია იმასთან დაკავშირებით, რომ აშშ ჩრდილოეთის ნაკადზე უკრაინის თავდასხმის გეგმებთან დაკავშირებით ინფორმაციას ფლობდა.

გამომცემლობა The Washington Post-ი ინტერნეტში გაჟონილ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერდა, რომ ჯერ კიდევ ჩრდილოეთის ნაკადის გაზსადენის აფეთქებამდე 3 თვით ადრე, ბაიდენის ადმინისტრაციამ, ინფორმატორისა და ახლო მოკავშირის მიერ მიწოდებული ცნობების საფუძველზე, თავდასხმასთან დაკავშირებით უკრაინული მხარის გეგმებზე იცოდა. გეგმა მოიცავდა წყალქვეშა მყვინთავების მცირე ჯგუფის მიერ ფარულ თავდასხმას. აღნიშნული ჯგუფი პირდაპირ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის წინაშე იყო პასუხისმგებელი. 


2022 წლის სექტემბერში გავრცელდა ცნობები ჩრდილოეთის ნაკადი 1-ისა და ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის აფეთქებების შესახებ. პირველი გაზსადენი ევროპას ბალტიის ზღვის გავლით რუსეთიდან ბუნებრივ აირს აწვდიდა. მეორე გაზსადენიც ამავე მიზნით აშენდა, თუმცა მისი ექსპლუატაციაში შესვლა ვერ მოესწრო. 

პარალელურად, გერმანულ მედიებში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერდნენ, რომ გემი, რომლიდანაც გაზსადენს თავს დაესხნენ, უკრაინელებისთვის ჰქონდათ მიქირავებული. როგორც გამოცემა Zeit-ი წერდა, მიუხედავად იმისა, რომ დივერსიის კვალი "უკრაინამდე მიდის", გერმანელი გამომძიებლები ვერ ახერხებდნენ გაერკვიათ, ვინ იდგა მისი ორგანიზების უკან. მათივე ინფორმაციით, დასავლელი სადაზვერვო სამსახურები არ გამორიცხავდნენ, რომ ეს იყო ოპერაცია ცრუ დროშის ქვეშ.

გაზსადენზე თავდასხმასთან დაკავშირებულ ინფორმაციას გამოეხმაურა ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი. მისი თქმით, აფეთქებასთან უკრაინა კავშირში არაა და არ აქვთ ინფორმაცია პროუკრაინელ ჯაშუშებზე, რომელთაც ამისი გაკეთება შეეძლოთ.

კომენტარები