დეოლიგარქიზაცია

ევროკავშირი: უმჯობესია, არ მიიღოთ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი

MD Photography / Shutterstock

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ვენეციის კომისიის მიერ აღწერილი რისკების გათვალისწინებით, უმჯობესია, საქართველომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი ამ ფორმით არ მიიღოს.

"ევროკავშირი მხარს უჭერს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს: მოცემული რისკების გათვალისწინებით, უმჯობესია არ მიიღოთ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი. ევროკავშირი მზადაა მხარი დაუჭიროს საქართველოს ხელისუფლებას სისტემური მიდგომით უკეთესი გზის პოვნაში. ერთად უფრო მტკიცედ შეგვიძლია წინსვლა". – ნათქვამია წარმომადგენლობის განცხადებაში.

2022 წლის ზაფხულში ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების 12 პირობას შორის დეოლიგარქიზაციაც შეიტანა

12 ივნისს ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიამ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის შესახებ გამოაქვეყნა საბოლოო დასკვნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი არსებული ფორმით არ უნდა მიიღოს. კომისია მიიჩნევს, რომ საქართველოს ოლიგარქიზაციის პრობლემასთან საბრძოლველად სისტემური მიდგომა არ აურჩევია.

წაიკითხეთ სტატია ტაბულას არქივიდან: დეოლიგარქიზაციის კანონი იმ ერთადერთის გარეშე

13 ივნისს პარლამენტმა დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო. იმავე დღეს ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ევროკომისიისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციები წინააღმდეგობაში მოდის, ხოლო თუ ევროკომისია ვენეციის კომისიის დასკვნას გაითვალისწინებს, მიმდინარე თვეში მიღებული კანონი თებერვალში გაუქმდება.

კომენტარები