დეოლიგარქიზაცია

ჰერჩინსკი დეოლიგარქიზაციაზე: მხარს ვუჭერთ ვენეციის კომისიის აზრს, სწორი სისტემური მიდგომაა

European Union in Georgia

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის თქმით, ევროკავშირის რეკომენდაცია არ მოიცავს პოზიციას იმის შესახებ, თუ როგორია სწორი ან არასწორი მიდგომა დეოლიგარქიზაციის საკითხთან დაკავშირებით. ჰერჩინსკი ამბობს, რომ თუ ვენეციის კომისია ამბობს, რომ სწორი სისტემური მიდგომაა და არსებული კანონპროექტი კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს, ევროკომისიასაც ანალოგიური პოზიცია ექნება.

"ვენეციის კომისიის თანახმად, ეს კანონპროექტი არ უნდა იქნა მიღებული, რადგან არსებობს სერიოზული რისკები. ჩვენ, როგორც ევროკომისია, მხარს ვუჭერთ ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაციას. ვენეციის კომისია არის სტანდარტის დამდგენი, როდესაც საქმე ეხება ამგვარ კანონმდებლობას. ასე რომ, ჩვენ მოვუწოდებთ სისტემური მიდგომისკენ, სპეციალური კანონის მიღების ნაცვლად. დეოლიგარქიზაცია არის 12 პრიორიტეტს შორის ერთ-ერთი. ეს არის პრიორიტეტი ნომერი ხუთი. ჩვენ ვთქვით, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტი და ველოდებით, რომ საქართველოს მთავრობა წინ წაიწევს დეოლიგარქიზაციის საკითხში. 

არასდროს გვითქვამს, რა არის სწორი მიდგომა. ჩვენ ვთქვით, რა არის გასაკეთებელი და არა ის, როგორ უნდა გაკეთდეს. ეს იყო ქართველების გადაწყეტილება, წარმოედგინათ კანონპროექტი, ახლა ჩვენ ვიცით, რომ ვენეციის კომისიის მიხედვით, ეს არ არის სწორი მიდგომა. ვენეციის კომისია გამოდის სისტემური მიდგომის შეთავაზებით და ამიტომ ჩვენც ვგრძნობთ, რომ სისტემურ მიდგომა არის სწორი, რაც მოიცავს ბევრ რამეს. ეს ნიშნავს სასამართლოს სისტემის რეფორმას, ეს ნიშნავს მეტ ძალისხმევას კორუფციასთან ბრძოლაში, ეს ნიშნავს მეტ გამჭვირვალობას და ანგარიშვალდებულებას". – თქვა ჰერჩინსკიმ პირველი არხის ცნობით.

2022 წლის ზაფხულში ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების 12 პირობას შორის დეოლიგარქიზაციაც შეიტანა

12 ივნისს ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიამ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის შესახებ გამოაქვეყნა საბოლოო დასკვნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი არსებული ფორმით არ უნდა მიიღოს. კომისია მიიჩნევს, რომ საქართველოს ოლიგარქიზაციის პრობლემასთან საბრძოლველად სისტემური მიდგომა არ აურჩევია.

წაიკითხეთ სტატია ტაბულას არქივიდან: დეოლიგარქიზაციის კანონი იმ ერთადერთის გარეშე

13 ივნისს პარლამენტმა დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო. იმავე დღეს ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ევროკომისიისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციები წინააღმდეგობაში მოდის, ხოლო თუ ევროკომისია ვენეციის კომისიის დასკვნას გაითვალისწინებს, მიმდინარე თვეში მიღებული კანონი თებერვალში გაუქმდება.

კომენტარები