რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

პუტინი: მომდევნო ნაბიჯები დამოკიდებულია პოტენციალზე, რომელიც კონტრიერიშის შემდეგ გვექნება

ვლადიმირ პუტინი 2023 წლის 21 თებერვლის ფედერალური კრებისადმი მიმართვაზე.
კრემლი

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინის თქმით, რუსეთის სამომავლო ნაბიჯები უკრაინაში დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ წარიმართება მიმდინარე კონტრიერიში. ამის შესახებ მან სამხედრო კორესპონდენტებთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.

ერთ-ერთმა პროპაგანდისტმა პუტინს ჰკითხა, თუ სადამდე წინსვლისთვისაა მზად რუსეთი, ე.წ. "ახალ საზღვრებამდე" (იგულისხმება უკრაინის ოლქები, რომლებსაც რუსეთი საკუთარ ნაწილად აცხადებს და ნაწილობრივ ოკუპირებული აქვს), თუ "იმ სიშორემდე, სადამდეც შესაძლებელი იქნება".

"ყველაფერი დამოკიდებული იქნება პოტენციალებზე, რომლებიც გვექნება ამ ე.წ. კონტრიერიშის დასრულების შემდეგ. ეს მთავარი საკითხია...ჩვენ დავაკვირდებით, როგორი იქნება სიტუაცია და აქედან გამომდინარე გადავდგამთ შემდგომ ნაბიჯებს. გვაქვს სხვადასხვა სახის გეგმები, იმის მიხედვით, თუ რა სიტუაცია განვითარდება, როცა საჭიროდ ჩავთვლით რაიმეს გაკეთებას". – უპასუხა პუტინმა შეკითხვას.

ივნისის დასაწყისში უკრაინამ ახალი კონტრიერიში წამოიწყო. მათმა შეიარაღებულმა ძალებმა რუსი ოკუპანტებისგან უკვე გაათავისუფლეს რამდენიმე პატარა დასახლება. კონტრიერიში გრძელდება. 

კომენტარები