რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აშშ უკრაინას დამატებით 15 Bradley-ისა და 10 Stryker-ს გადასცემს

ამერიკელი სამხედროები Bradley-ის ქვეითთა საბრძოლო მანქანით სირიაში პატრულირებენ, 2021 წელი.
Baderkhan Ahmad/Associated Press

პენტაგონმა უკრაინის ახალი დახმარების პაკეტი გამოაცხადა.

ახალი დახმარების ფარგლებში უკრაინა აშშ-სგან დამატებით Bradley-ის ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანის 15 ერთეულსა და 10 ცალ Stryker-ის ტიპის ჯავშანტრანსპორტიორს მიიღებს. 

ამას გარდა, დახმარების პაკეტში შედის NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის რაკეტები Stinger-ის ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო დანადგარები, HIMARS-ების საბრძოლო მასალები, 155-მმ-იანი და 105-მმ-იანი ჭურვები, ჯაველინები და სხვა ჯავშანსაწინააღმდეგო სისტემები.

აღსანიშნავია, რომ აშშ ახალი პაკეტით უკრაინას გადასცემს თითქმის იმდენივე Bradley-ის, რამდენიც, CNN-ის ცნობით, კიევმა კონტრიერიშის დაწყების დროს დაკარგა. 

CNN-ი წერდა, რომ უკრაინამ კონტრიერიშის დაწყებისას დაკარგა 16 Bradley, რომელთა ნაწილიც განადგურებულია, დაზიანებულია ან მიტოვებულია. ეს კიევის მიერ მიღებული მთლიანი რაოდენობის, Bradley-ის 109 ერთეულის, თითქმის 15% არის.

ივნისის დასაწყისში უკრაინამ ახალი კონტრიერიში წამოიწყო. მათმა შეიარაღებულმა ძალებმა რუსი ოკუპანტებისგან უკვე გაათავისუფლეს რამდენიმე პატარა დასახლება. კონტრიერიში გრძელდება. 

კომენტარები