ლაზარე გრიგორიადისის საქმე

გრიგორიადისი: ჩემი მოთხოვნაა, მოსამართლემ არ გამოიტანოს ის განაჩენი, რასაც ავალებენ

ბექა გრიგორიადისი
ტაბულა

დღეს, 13 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 21 წლის ლაზარე გრიგორიადისის საქმის განხილვა განახლდება. ლაზარე გრიგორიადისის მამის, ბექა გრიგორიადისის თქმით, მისი მოთხოვნაა, რომ მოსამართლემ არ შეასრულოს ის დაკვეთა, რასაც "ზემოდან ავალებენ".

"ჩემი მოთხოვნა ის არის, რომ პოლიციელმა არ იცრუოს ჩვენების მიცემისას, ჩემი მოთხოვნა ის არის, რომ მოსამართლემ არ გამოიტანოს ის განაჩენი, რასაც ზემოდან ავალებენ. ძალიან კარგად ვიცით, ჯერ დაწერილი არ იყო ლაზარეზე საუბრობდნენ, ლაზარეზე მოამზადეს ხალხი და ლაზარეზე არის დაკვეთა გაკეთებული, იმისთვის რომ ეს ბავშვი დაიჭირონ. არის 20 პოლიციელი როგორც მე ვიცი, იმედს ვიქონიებ, რომ არ იცრუებენ და იტყვიან სიმართლეს, თუ იცრუებენ და რომ დამჭირდეს სტრასბურგამდე წავალ". - ამბობს ბექა გრიგორიადისი.

პოლიციამ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი 29 მარტს დააკავა. პროკურატურის მტკიცებით, 7 მარტს დაახლოებით 23:15 საათზე, შოთა რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, გრიგორიადისმა 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით ორჯერ ისროლა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი. ამასთან, უწყება დაკავებულს ედავება, რომ მან 9 მარტს, ღამის საათებში ჭანტურიას ქუჩაზე განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ტოიოტა კოროლას მოდელის ავტომანქანას.

გრიგორიადისს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 31 მარტს შეეფარდა.

კომენტარები