რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პრიგოჟინი: ვაგნერი შოიგუსთან არანაირ კონტრაქტს გააფორმებს

ევგენი პრიგოჟინი

კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელი გამოეხმაურა რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს მიერ ხელმოწერილ ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, 1-ელი ივლისისთვის ყველა მოხალისეობრივმა ჯგუფმა უნდა გააფორმოს კონტრაქტი თავდაცვის სამინისტროსთან.

პრიგოჟინის თქმით, ვაგნერი სერგეი შოიგუსთან კონტრაქტს არ გააფორმებს და ეს ბრძანება მხოლოდ მათზე ვრცელდება, ვინც თავდაცვის სამინისტროს განკარგულებაში იმყოფება. მან კიდევ ერთხელ გააკრიტიკა სერგეი შოიგუ საკუთარი მცირე სამხედრო გამოცდილების გამო.

"ის ბრძანებები, რომლებსაც შოიგუ აფორმებს, ისინი ვრცელდება თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებსა და სამხედრო მოსამსახურეებზე. კსკ ვაგნერი შოიგუსთან არანაირ კონტრაქტს მოაწერს ხელს. კსკ ვაგნერი ორგანულად არის ჩაშენებული მთლიან სისტემაში, კსკ ვაგნერი საკუთარ მოქმედებებს, მარჯვნივ-მარცხნივ, ათანხმებს გენერლებთან, დანაყოფების მეთაურებთან, აქვს დიდი გამოცდილება და არის მაღალეფექტიანი სტრუქტურა. 

სამწუხაროდ, ასეთი ეფექტიანობა ბევრ სამხედრო დანაყოფებს არ აქვს, სწორედ იმიტომ, რომ შოიგუს არ შეუძლია ნორმალურად მართოს სამხედრო ფორმირებები. ამიტომ ის, რომ ის დაწერს მითითებებსა და ბრძანებებს, ეს ვრცელდება მხოლოდ თავდაცვის სამინისტროსა და მათზე, ვინც თავდაცვის სამინისტროს ფარგლებში იმყოფება". – თქვა პრიგოჟინმა.

პრიგოჟინის აზრით, ამ განკარგულების შემდეგ მის ჯგუფს საბრძოლო მასალასა და შეიარაღებას აღარ მიაწვდიან, თუმცა ჰგონია, რომ მოვა დრო და დახმარებას კვლავ სთხოვენ.

"ის, რაც შეიძლება ამ ბრძანების შემდეგ მოხდეს არის ის, რომ აღარ მოგვცემენ იარაღსა და საბრძოლო მასალას, მივხედავთ, როგორც იტყვიან, ჭექა-ქუხილის დროს მოირბენენ და მოგვიტანენ შეიარაღებასა და საბრძოლო მასალას, თხოვნით, დაგვეხმარეო". – თქვა პრიგოჟინმა.

პრიგოჟინმა კიდევ ერთხელ შეაქო არმიის გენერალი სერგეი სუროვიკინი და აღნიშნა, რომ ვაგნერი სწორედ მასთან ათანხმებს საკუთარ მოქმედებებს.

"რაც შეეხება დაქვემდებარებას, რა თქმა უნდა, კსკ ვაგნერი აბსოლუტურად, სრულებით ემორჩილება რუსეთის ფედერაციის ინტერესებსა და უმაღლეს მთავარსარდალს. ტერიტორიაზე, გერასიმოვისა და შოიგუს განკარგულებების შესაბამისად, კსკ ვაგნერი არმიის გენერალ სუროვიკინთან ათანხმებს ყველა მოქმედებას და ასრულებს მის მიერ დასახულ დავალებებს. რადგანაც სუროვიკინი ჭკვიანი, განათლებული და გამოცდილი მეთაურია, ის დავალებები, რომლებიც კსკ ვაგნერმა სუროვიკინთან ერთად შეიმუშავა და მისი ბრძანებით შეასრულა, აჩვენეს უმაღლესი ეფექტიანობა და წარმატება". – დაამატა პრიგოჟინმა.

აქამდე რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნიკოლაი პანკოვმა გაავრცელა ცნობა, რომ 1-ელი ივლისისთვის ყველა "მოხალისეთა რაზმებმა" უნდა გააფორმოს კონტრაქტი თავდაცვის სამინისტროსთან და შესაბამისი ბრძანება უკვე ხელმოწერილია მინისტრის მიერ. პანკოვის თქმით, ეს გადაწყვეტილება საშუალებას იძლევა, რომ "მოხალისეობრივ დანაყოფებს" სამართლებრივი სტატუსი მიანიჭონ. მისივე თქმით, ეს ხელს შეუწყობს, რომ მსგავსი დანაყოფები დააკომპლექტონ როგორც სამხედრო მოსამსახურეებით, ისე "მოხალისეებით". პანკოვმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ "მოხალისეებს" შეეძლებათ ინდივიდუალური კონტრაქტების გაფორმება როგორც მოხალისეობრივ დანაყოფებთან ან თავდაცვის სამინისტროსთან.

კომენტარები