საქართველო-ევროკავშირი

გერმანიის ელჩი: შოლცმა საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე მხარდაჭერა დაუდასტურა


გერმანიის ელჩი საქართველოში, პეტერ ფიშერი ბერლინში გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცისა და საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრას გამოეხმაურა. მისი თქმით, ოლაფ შოლცი მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, რისთვისაც ამ უკანასკნელს სწრაფი და გადამწყვეტი რეფორმები ესაჭიროება. 

"ოლაფ შოლცმა დაადასტურა, რომ საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე მისი გულშემატკივარია და მომდევნო კვირების განმავლობაში სწრაფი და გადამწყვეტი რეფორმების მიღებაა საჭირო. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგების შესახებ საუბრისას [შოლცმა] აღნიშნა, რომ გერმანია საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტს მტკიცედ უჭერს მხარს". - წერს ელჩი Twitter-ზე. 

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოცლს სამუშაო ვიზიტის ფარგლებში 9 ივნისს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით შეხვედრაზე ღარიბაშვილმა ოლაფ შოლცს "12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით არსებული მნიშვნელოვანი პროგრესი გააცნო" და ასევე თქვა, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსის მოლოდინშია.

"შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა ოლაფ შოლცს საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის გზაზე გადადგმული ნაბიჯები, განხორციელებული რეფორმები და ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებული კუთხით არსებული მნიშვნელოვანი პროგრესი გააცნო. პრემიერმა ასევე ისაუბრა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ საქართველო წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსის მოლოდინშია. 

შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ახლა საქართველოსთვის წევრი ქვეყნების როგორც პოლიტიკური, ისე პრაქტიკული მხარდაჭერა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგი ეტაპისთვის". - წერს მთავრობის ადმინისტრაცია.

კომენტარები