რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: ჰესის აფეთქება გლობალური პრობლემაა, დაბინძურებული წყალი შავ ზღვაში ჩაედინება

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ეკოლოგიური კატასტროფა, რომელიც კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებამ გამოიწვია, გლობალურ პრობლემად იქცა, რადგან დაბინძურებული წყალი შავ ზღვაში ჩაედინება.

უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, წყალდიდობამ კანალიზაცია, ნავთობი, ქიმიკატები და ცხოველების სამარხებიდან ჯილეხი წალეკა.

ჯილეხი, იგივე ციმბირის წყლული და ანტრაქსი, ცხოველებისა და ადამიანის მწვავე ბაქტერიული დაავადება, რომელსაც ჯილეხის ბაცილა იწვევს. 

"ჯილეხის, სულ მცირე, ორი სამარხი დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე. რა ხდება იმ ადგილებზე, ჩვენ ჯერ არ ვიცით. საფრთხე 2 მილიონ ცოცხალ არსებას ემუქრება". - ამბობს ზელენსკი და დასძენს, რომ დაბინძურებული წყლის გავრცელებასთან ერთად, განადგურდება გარემო.

ზელენსკის თქმით, კახოვკის ჰესის აფეთქებისგან გამოწვეული შედეგი არა მხოლოდ უკრაინას, არამედ მთელ მსოფლიოს დააზარალებს, რადგან ეს ყველაფერი არ ხდება სხვა ქვეყნებისგან იზოლირებულად - გარკეულწილად, ის მთელ მსოფლიოს უკავშირდება.

"წყალდიდობის ზონიდან მოწამლული და დაბინძურებული წყალი მალევე ვრცელდება მიწისქვეშა წყლებში, იწამლება მდინარეები და შემდეგ შავი ზღვის აუზი. შესაბამისად, ეს არ ხდება სადმე სხვაგან, ეს პრობლემები მასშტაბურია და მთელ მსოფლიოს უკავშირდება". - ამბობს ზელენსკი.

6 ივნისს ხერსონის ოლქის ქალაქ ნოვა კახოვკაში ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი დაინგრა, რასაც წყალდიდობა მოჰყვა. უკრაინელების განცხადებით, ნგრევა რუსი ოკუპანტების მიერ კაშხლის აფეთქებას მოჰყვა. თუმცა, მოსკოვის მტკიცებით, ჰესზე თავდასხმა უკრაინელებმა მოაწყვეს.

აღსანიშნავია, რომ გავრცელებული კადრების მიხედვით, კაშხალთან წყალქვეშა აფეთქება მოხდა და ის სარაკეტო იერიშის შედეგად არ დანგრეულა.

კაშხლის ნგრევას უკრაინული დასახლებების დატბორვა მოჰყვა. 

კომენტარები