ტყის ხანძარი კანადაში

კანადის თითქმის ყველა პროვინციაში ხანძარია, ევაკუირებულია 12 000-მდე ადამიანი

Reuters-ის ინფორმაციით, კანადის თითქმის ყველა პროვინციაში ხანძარია. ყველაზე მეტად აღმოსავლეთის პროვინცია, კვებეკი დაზარალდა

კვებეკის პრემიერმა, ფრანსუა ლეგომ თქვა, რომ ამჟამად მათ შეუძლიათ, ერთდროულად 40-მდე ხანძარს გაუმკლავდნენ, თუმცა პროვინციის მასშტაბით 150-მდე ხანძარია. მისივე თქმით, ყურადღება იქ უნდა გაამახვილონ, რომელი კერაც უფრო პრობლემურია.  

პრემიერმინისტრის თქმით, ხანძარს, დაახლოებით, 520 მეხანძრე ებრძვის. ის იმედოვნებს, რომ მომდევნო რამდენიმე დღეში აშშ-დან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან და მექსიკიდან კიდევ 500 მეხანძრე შეუერთდება.

ამ დროისთვის ჩრდილოეთ კვებეკიდან, სულ მცირე, 11 400 ადამიანია ევაკუირებული. ლეგოს ინფორმაციით, კიდევ 4 000 ადამიანი საცხოვრებელს დროებით მალე დატოვებს.

მომდევნო კვირამდე კვებეკში წვიმა მოსალოდნელი არ არის, ამიტომ, პრემიერის თქმით, ადამიანები სახლში დაბრუნებას უახლოეს დღეებში არ უნდა მოელოდნენ. ტყის ხანძრები კანადის დასავლეთ პროვინციებში ხშირია, მაგრამ წელს ხანძარი ქვეყნის აღმოსავლეთში გაჩნდა.

Reuters-ის ცნობით, კანადაში ამ დროისთვის 3.3 მილიონი ჰექტარია დამწვარი, რაც დაახლოებით, 130-ჯერ აღემატება ბოლო 10 წლის საშუალო მაჩვენებელს.  

კომენტარები