რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

F-16-ების დიდ რაოდენობას გადმოგვცემენ - ზელენსკი

President.gov.ua

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, პარტნიორები მას F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების დიდ რაოდენობას დაჰპირდნენ.

"დღეისთვის ჩვენი ბოლო მნიშვნელოვანი შეხვედრა მოლდოვაში შედგა, სადაც მქონდა დახურული შეხვედრა ქვეყნების ლიდერებთან, რომლებმაც ზუსტად დაადასტურეს, რომ F-16-ებს გადმოგვცემენ. ამისთვის აშშ-სგან ერთობლივი თანხმობა გვჭირდება... უბრალოდ ბედნიერების დღე მქონდა. რადგან, ხომ იცით, ზოგჯერ საჭიროა ერთზე, ორზე რამენაირად მოლაპარაკება, აქ კი [თვითმფრინავების] სერიოზული, დიდი შემოთავაზება იყო". – თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ამ ეტაპზე საჭიროა შეთანხმების ოფიციალური გაფორმება და თვითმფრინავებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მომზადებას დაიწყებენ, რასაც გარკვეული დრო დასჭირდება.

21 მაისს აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხაზი გაუსვა, რომ ამერიკა უკრაინელ პილოტებს მეოთხე თაობის დასავლური თვითმფრინავების, მათ შორის F-16-ების მართვის სწავლაში დაეხმარება. მან ასევე აღნიშნა, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაარწმუნა, რომ თვითმფრინავებს რუსეთის ტერიტორიაზე არ გამოიყენებენ.

აქამდე, რამდენიმე დღით ადრე დიდმა ბრიტანეთმა გამოაცხადა, რომ დაიწყეს მუშაობა საერთაშორისო კოალიციაზე, რომლის მიზანიც კიევისთვის F-16-ების გადაცემაა. ამ კოალიციაში შედიან დიდი ბრიტანეთი, ნიდერლანდები, ბელგია, დანია, აშშ და პორტუგალია.

პარალელურად, მოსკოვი მუქარის შემცველ რიტორიკას აძლიერებს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრ გრუშკოს მტკიცებით, დასავლეთის გეგმა, გაგზავნოს უკრაინაში თანამედროვე ავიაგამანადგურებლები "უზარმაზარ რისკებს შეიცავს".

კომენტარები